ბელოუსოვა თამარ ვასილის ასული (7. VIII. 1924, ოდესა, – 31. I. 2013, თბილისი), რუსი მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1966).
დაამთავრა თბილ. კინოსტუდიის კინომსახიობთა სკოლა (1944). 1944–46 იყო სოხ. რუს. დრამ. თეატრის მსახიობი, 1946-იდან – თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრის წამყვანი მსახიობი. შესრულებული აქვს როლები: ნინა (მ. ლერმონტოვის „მასკარადი“), ბეატრიჩე (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“), გლაფირა (ა. ოსტროვსკის „მგლები და ცხვრები“), სოფია (ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“), დიანა (ლოპე დე ვეგას „ძაღლი თივაზე“), პროტასოვა (ლ. ტოლსტოის „ცოცხალი ლეში“), ოლგა (კ. სიმონოვის „ასეც იქნება“), ლენოჩკა (ვ. როზოვის „სიხარულის ძიებაში“), ქეთო (ო. ჩიჯავაძის „თხუნელა“), დედოფალი ანა (ო. სკრიბის „ჭიქა წყალი“), ვარვარა კარპოვნა (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), ირმა ვუნდი (ლ. შეინინის „წესგარეშე თამაში“), კატია დოცენკო (ა. შტეინის „ვიოლინოს საგაზაფხულო მელოდიები“), ლედი მილფორდი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), ელენა (ლ. მიტროფანოვის „გულები უნდა იწვოდნენ“) და სხვ.
შ. ცუცქირიძე