გიორგი ამარტოლი

გიორგი ამარტოლი (Geōrgios Amartōlos), გ ი ო რ გ ი  მ ო ნ ა ზ ო ნ ი, IX ს. ბიზანტიელი ისტორიკოსი.

არის ავტორი „ქრონოგრაფიისა", რ-შიც გადმოცემულია მსოფლიო ისტორია დასაბამიდან 842 წლამდე. ნაშრომი დასრულებულია დაახლ. 867. ნაშრომის სამმა რედაქციამ (ვრცელი, საშუალო და მოკლე) ჩვენამდე მოაღწია ხელნაწერის სახით. მათგან ზოგი წარმოადგენს გ. ა-ის შრომის გაგრძელებას 1142 წლამდეც კი.

„ქრონოგრაფიის" ოთხი წიგნის დასაწერად გ. ა-მა გამოიყენა ანტ. და ბიზანტ. საისტორიო თხზულებები, მტრულად იყო განწყობილი ხატმებრძოლთა მიმართ. „ქრონოგრაფია" მეტად პოპულარული იყო, როგორც ბიზანტ. ისტ. სახელმძღვანელო. ძველთაგანვე ითარგმნა იგი სხვა ენებზე.

ცნობილია „ქრონოგრაფიის" ბულგ., სლავური და სერბულ-სლავური რედაქციები. ქართულად „ქრონოგრაფია" თარგმნა არსენ იყალთოელმა XII ს. დასაწყისში. არსენის თარგმანი მისდევს უძველეს ხელნაწერებში შემორჩენილ რედაქციას, ამავე დროს იგი ორიგინალის ზოგიერთი ადგილის დაზუსტების, შევსებისა და ახლებურად წაკითხვის საშუალებას იძლევა. ამ თვალსაზრისით ქართ. თარგმანი მეტად მნიშვნელოვანია. არსენის თარგმანი შედგება 9 წიგნისაგან და წყდება ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსიუს II-ის (401–450) მეფობამდე. არსენს თარგმნა დაუწყია მანგანის აკადემიაში. ამ დროს იგი პლატონის ზეგავლენას განიცდიდა, რაც მის „ქრონოგრაფიაშიც" აისახა. შემდეგ არსენის შეხედულება პლატონის ფილოსოფიასა და ნეოპლატონიზმზე მკვეთრად შეიცვალა. როგორც ფიქრობენ, ამის გამო მან აღარ დაასრულა „ქრონოგრაფიის" თარგმნა.

თხზ.:Georgii Monachi chronicon, ed. C. de Boor, v. 1–2, Lipsiae, 1904; [წგ.]: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 2, თბ., 1952.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქართული თარგმანი გიორგი ამარტოლის ხრონოგრაფიისა (ისტორიულ-ლიტერატურული შენიშვნები), წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956; ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი  ს., გიორგი ამარტოლის ქრონოგრაფიის ქართული თარგმანები, ნაწ. 2. გამოკვლევა, თბ., 1926; მ ი ს ი ვ ე, ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3 – ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურის ისტორია, თბ., 1973.

რ. მიმინოშვილი