ბენარა

ბენარა, სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ახალციხის ქვაბულში, მდ. ოცხის (ქვაბლიანის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას, ბაღდათ – ბენარისა და ახალციხე–ბათუმის საავტ. გზების გასაყარზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., უნწა, შორაველი), ზ. დ. 1100 მ, ადიგენიდან 13 კმ, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 15 კმ. 201 მცხ. (2014). ბ-ის მიდამოებშია შუა საუკ. ძეგლი „ოქროს ციხე“.

სოფლის ძვ. სახელი ყოფილა ბელნარა. იგი პირველად მოხსენიებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (1595) როგორც ახალციხის ლივის ალთუნყალის (ოქროსციხე) ნაჰიჲეში შემავალი სოფელი. მაშინ იქ 17 კომლი ქართველი სახლობდა. მისდევდნენ მემინდვრეობას, მესაქონლეობას, მებოსტნეობას, მეფუტკრეობას და შეწერილი ჰქონდათ გადასახადი 20000 ახჩა.

ლიტ.: ჯ ი ქ ი ა  ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 1, თბ., 1947; წგ. 2, თბ., 1941.

დ. ბერძენიშვილი