ბენარის ფაუნა, ოლიგოცენის, დაახლ. 25 მლნ. წლის წინანდელ ამომწყდარ ხერხემლიანთა კომპლექსი.
აღმოჩენილია ადიგენის მუნიციპ. სოფ. ბენარის მახლობლად, მდ. ქვაბლიანის მარცხ. ნაპირზე. ცხოველთა ნამარხი ნაშთები ე. წ. ზედა ფერადი წყების ქვიშაქვებშია.
ბ. ფ. აერთიანებს 30-ზე მეტ სახეობას. ესენია ხმელეთისა და ჭაობის კუ, უძველესი მტაცებლები, მ. შ. ერთი ჰიენოდონი, სრულიად ამომწყდარი რიგის – კრეოდონტების – წარმომადგენელია, სხვადასხვა კენტჩლიქოსანი, რ-თა შორის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევიან მარტორქები, ნაირგვარი წყვილჩლიქოსნები (ანთრაკოთერიუმები, ღორისმაგვარნი, მცოხნელები და სხვ.), მღრღნელები. ბ. ფ-ის ანალიზი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ოლიგოცენური დროის ჰავასა და ლანდშაფტზე. ეს ფაუნა მიგვითითებს იმ გზაზე, რ-ითაც ხორციელდებოდა ოლიგოცენის ხმელეთის ხერხემლიანთა კავშირი ევროპასა და აზიას შორის.
ბ. ფ. აღმოაჩინა და შეისწავლა ლ. გაბუნიამ.
გ. მელაძე