ბენაშვილი ანდრია მიხეილის ძე [23. III (4. IV). 1868, ყვარელი, – 28. VI. 1941, სოხუმი, დაკრძალულია თბილისში], ასტრონომ-გეოდეზისტი და სამხ. მოღვაწე (რუს. არმიის გენ.-ლეიტენანტი (1916). პროფესორი (1927), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1941). დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი (1885), მოსკ. ალექსანდრეს სამხ. სასწავლებელი (1887). 1896–99 სწავლობდა გენ. შტაბის აკადემიაში. 1899–1901 მთავარ ასტრონ. ობსერვატორიაში (პულკოვო) გაიარა ასტრონ. და გეოდ. პრაქტ. კურსი. 1901 დაამთავრა აკადემია ასტრონ. და გეოდ. განხრით და მიიღო გენ. შტაბის ოფიცრის წოდება. 1904–16 იყო რუს. დას. სასაზღვრო სივრცეთა ტრიანგულაციის უფროსი, გაიარა გზა პოლკის მეთაურიდან არმიის სარდლამდე. პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას პეტერბ. ტექნოლ. ინ-ტში (1902–18) და რუს. სამხ.-საინჟინრო აკადემიაში (1905–16). 1918-იდან მსახურობდა სამხრ. კავკასიაში, ხელმძღვანელობდა ამიერკავკ. არმიის სამხ.-ტოპოგრ. განყ-ბას. 1919–23 იყო თბილ. ფიზ. ობსერვ. დირექტორი.
ბ. თსუ-ის და საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის (ახლანდ. ტექ. უნ-ტი) ერთ-ერთი დამაარსებელია. 1918–36 ხელმძღვანელობდა თსუ-ის ასტრონ. და გეოდ. კათედრას, 1919–21 იყო სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის დეკანი, 1928-იდან – გეოდ. და სამარკშაიდერო საქმის კათედრის გამგე საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა აგრეთვე ქუთ. (1933–36) და სოხ. (1938–41) პედ. ინ-ტებში. ბ-ის სამეცნ. შრომები ძირითადად ეხება ასტრონ. და გეოდ. საკითხებს. შეადგინა პირველი ქართ. სახელმძღვანელოები ტოპოგრ., სფერული ტრიგონომ., სფერული ასტრონ. და ცდომილებათა თეორიის დარგში.
თხზ.: სფერული ტრიგონომეტრია, ტფ., 1933; ტოპოგრაფია, ნაწ. 1, ტფ., 1933; სფერული ასტრონომია, თბ., 1938; ცდომილებათა თეორია, თბ., 1965.
ლიტ.: ხ ა რ ა ძ ე ე., ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ე ს., ანდრია ბენაშვილი. ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა, თბ., 1987.
ვ. ჯავრიშვილი