ბენეშევიჩი ვლადიმერ ნიკოლოზის ძე [9. (21). VIII. 1879 – 19. XII. 1943], რუსი არქეოგრაფი და ისტორიკოსი. სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1924), ათენის ეროვნ. უნ-ტის საპატიო დოქტორი (1912). სტრასბურგისა (1914) და ბერლინის (1929) აკადემიათა წევრი.
იკვლევდა ძირითადად ძვ. ბერძნ. და რუს. საეკლესიო სამართალს, ბიზანტ. ისტორიას, ძვ. ქართ. და სომხ. მწერლობის ცალკეულ საკთხებს. გამოაქვეყნა სინაის მთაზე დაცულ ბერძნ. ხელნაწერთა აღწერილობა (ორი ტომი, 1911, 1917). ბ-ის გამოკვლევა „ქართული დიდი ნომოკანონი თბილისის საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა მიხედვით“ (1913) მიეძღვნა ქართ. საეკლესიო სამართლის ისტ. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, ბერძნულიდან თარგმნილ ძეგლს „დიდ სჯულისკანონს“. ავტორი აღწერს ამ ძეგლის შვიდ ხელნაწერს, საეჭვოდ მიიჩნევს, რომ „დიდი სჯულისკანონი“ არსენ იყალთოელის (XII ს.) მიერ იყოს თარგმნილი და ძეგლს IX – X სს-ით ათარიღებს.
თხზ.: Грузинский Великий номоканон по спискам Тифлисского церковного музея, «Христианский Восток», 1913, т. 2, в. 3; 1916, т. 5, в. 2.