ბენიან-ბეგონი

ბენიან-ბეგონი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ხადისწყლის (მთიულეთის არაგვის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1680 მ, დუშეთიდან 64 კმ. 12 მცხ. (2014).

სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე დგას ხადის ხეობის მთავარი სალოცავის მთავარმოწამის („მთორმეწამის“) საკმაოდ მოზრდილი დარბაზული ეკლესია. მის დას-ით აღმართულია ორსართულიანი სამრეკლო, რ-ის წარწერაც გვამცნობს, რომ ეკლესია 1908 არის აგებული. გადმოცემით, ხადიჯვარობას დღესასწაულობდენ აქ, ხადის კარის წმ. გიორგის ეკლესიაში, რ-ის აშენებასაც თამარ მეფეს მიაწერენ. როგორც ჩანს, დღევანდელი ეკლესიის ადგილზე ძვ. სალოცავი იდგა. ამას ადასტურებს მახლობლად შემორჩენილი სიძველეთა ნაშთებიც. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით, შიგნით და გარედან შელესილია. კარ-სარკმლის საპირეები და კარნიზი თლილი ქვისაა, ფასადები შეთეთრებულია. შესასვლელი დას-იდან აქვს. კარის თავზე, ტიმპანში, დაბალი რელიეფით შესრულებული წმ. გიორგის მიერ გველეშაპის განგმირვის სცენაა გამოსახული. კარს ზემოთ სარკმელია, ხოლო მის თავზე – ვერძის რელიეფური გამოსახულება. გადამხურავი კამარა ერთ წყვილ პილასტრზე ამოყვანილ საბჯენ თაღზეა დაყრდნობილი. ხის იკონოსტასი მოხატულია თბილისელ მხატვართა ოჯახის წარმომადგენლის დ. გეგელიძის მიერ. შემორჩენილია ზღუდის ნაშთი, მის სამხრ-ით ზურგიანი კოშკის საძირკვლის კვალია. ციხისაგან, რ-იც ეკლესიის ჩრდ.-აღმ-ით პატარა ბორცვზე იდგა, დღეს მხოლოდ ქვების გროვაა დარჩენილი. სოფლის აღმ-ით, განაპირას, სწორკუთხა კოშკის ნანგრევია, მისგან მოშორებით დგას ძლიერ დაზიანებული ზურგიანი კოშკი, რ-იც სამლოცველოდ არის გადაკეთებული.

ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა  ჯ., გ ი ო რ გ ა ძ ე  მ., ს უ რ ა მ ე ლ ა შ ვ ი ლ ი  მ., ჭ უ რ ღ უ ლ ი ა  ლ., ხადის ხეობა, თბ., 1983.