ბენ-ორენი (წიწუაშვილი) გერშონ (დ. 13. VI. 1939, თბილისი), ებრაელი აღმოსავლეთმცოდნე-სემიტოლოგი.
დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1963). 1972 საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში. მუშაობა დაიწყო იერუსალიმში ბენ-ცვის სახ. ინ-ტში, რ-იც შეისწავლის ებრაელთა დიასპორის საკითხებს. ამჟამად მუშაობს ჰაბერმანის სახ. ლიტ-რის კვლევის ინ-ტში (ლოდი). მისი კვლევის საგანია ქართვ. ებრაელთა ენა, ლიტ-რა და ისტორია. ბ. -ო-ის ვრცელი სტატია „საქართველოს ებრაელთა ისტორია კომუნისტურ რეჟიმამდე“ (ინგლ. ენაზე) დაიბეჭდა მისივე კონსულტაციით გამოცემულ წიგნში „ოქროს საწმისის ქვეყანაში. საქართველოს ებრაელთა ისტორია და კულტურა“ (თელ-ავივი, 1992).
აღსანიშნავია მისი გამოკვლევები ქართვ. ებრაელთა მეტყველების შესახებ, ებრაულ-ქართული და ქართულ-ებრაული საენათმეცნიერო ლექსიკონი. ქართულ-ებრაული კულტ.-ისტ. ურთიერთობის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ებრაული ბიბლიის ქართული თარგმანი [ხუმაში (თორის ხუთწიგნეული), რ-იც შეასრულა თ. კეზერაშვილთან და ა. მამისთვალოვთან ერთად. თელ-ავივი, 1988–89]. ამ თარგმანისთვის მათ ი. მაჩაბლის სახ. პრემია მიენიჭათ (1994).
თხზ.: The History of the Jews of Georgia Until the Communist Regime, წგ.: In the Land of the Golden Fleece, Tel-Aviv, 1992.
ლიტ.: წ ე რ ე თ ე ლ ი კ., ებრაული ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი, გაზ. «ლიტერატურული საქართველო». 1991 წ. 1 ნოემბ.
კ. წერეთელი