ბეპლენისტები

ბეპლენისტები, გერმანელი სექტანტები, რ-ებიც ცხოვრობდნენ კოლონია ელიზაბეტტალში (ახლანდ. სოფ. ასურეთი, თეთრი წყაროს მუნიციპ.) მათ მოძღვრებას ბეპლეიზმი ეწოდა სექტის ხელმძღვანელის ადამ ბეპლეს სახელის მიხედვით (სათავეში ჩაუდგა სექტას 1832 დასაწყისში). ბ. უარყოფდნენ ზიარებას, ეკლესიას, სამღვდელოებას. საეკლ. წესებსა და ადათ-ჩვეულებებს; სეპარატისტებისაგან განსხვავებით, ბავშვებს შინ ნათლავდნენ სას. პირის დაუსწრებლად. მიცვალებულს მარხავდნენ ყოველგვარი ცერემონიალის გარეშე და ა. შ. XIX ს. 30-იან წლებში და 40-იანი წწ. დასაწყისში აქტიურად მონაწილეობდნენ სამხრ. კავკასიის გერმ. კოლონისტთა სექტანტურ მოძრაობაში. 1844 იანვ., კავკ. ხელისუფალთა მიერ გატარებულ ღონისძიებათა შედეგად, ბ-მა (და სეპარატისტებმაც) ხელი აიღეს თავიანთ მოძღვრებაზე და ლუთერანულ ეკლესიას შეუერთდნენ.

ლიტ.: მ ა ნ ჯ გ ა ლ ა ძ ე  გ., სექტანტური მოძრაობა ამიერკავკასიის გერმანელ კოლონისტებში, კრ.: რელიგიის ისტორიისა და ათეიზმის საკითხები საქართველოში, თბ., 1968; მისივე, გერმანელი კოლონისტები ამიერკავკასიაში, თბ., 1974.

გ. მანჯგალაძე