ბეჟან დადიანი (გ. 1728), ოდიშის მთავარი 1714–28, გიორგი II ლიპარიტიანის ძე. 1704-იდან „ლეჩხუმის ბატონად“ ითვლებოდა. 1714 მამა ციხეში გამოკეტა, მისი „მისანდონი“ ამოხოცა და თვითონ დადიანი გახდა. ბ. დ. თავიდანვე თავისი ხელისუფლების განმტკიცებას, ოდიშის სამთავროს გაფართოებას, ლიხთ-იმერეთში პირველობის მოპოვებასა და აქედან თურქი დამპყრობლების განდევნას ცდილობდა. განსაკუთრებით გაძლიერდა იგი 1720– 21-იდან, როცა იმერეთში ახლად გამეფებული ალექსანდრე V-ის მეურვეობა ჩაიგდო ხელში. ახალგაზრდა მეფეს მან ცოლად შერთო თავისი ასული მარიამი და 1721–28 იმერეთის სამეფოს ფაქტობრივი გამგებელი გახდა. ბევრჯერ მეფის მოკვლაც დააპირა, მაგრამ ვერ მოახერხა. ალექსანდრე V ცდილობდა აღეკვეთა მისი ძლიერება, არც ოსმალეთს მოსწონდა გაძლიერებული ვასალი, რ-საც რუსეთის მომხრეობას აბრალებდნენ. ასეთ ვითარებაში ალექსანდრემ შინაური მტრების წინააღმდეგ დახმარებისათვის ოსმალებს მიმართა. ბ. დ. გეგუთს უსუფ-ფაშის კარავში მოკლეს.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: კ ა კ ა ბ ა ძ ე ს., საქართველოს მოკლე ისტორია, ტფ., 1922; П а й ч а д з е Г. Г., Русско-грузинские политические отношения в первой половине XVIII века, [Тб., 1970].
ო. სოსელია