ბაგრატ VII, ბაგრატ-ხანი (გ. 1619), ქართლის ხანი (ქართ. წყაროებით – მეფე) 1616–19, დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე, მაჰმადიანი; აღიზარდა ირანში.
1616 ირანის შაჰმა აბას I-მა ხანის ტიტული უბოძა და ქართლის მმართველად დანიშნა. როგორც სახელმწ. მოღვაწე სუსტი იყო, ფაქტობრივად მხოლოდ ქვემო ქართლი ემორჩილებოდა. ძირითადად ცხოვრობდა ბოლნისში და იქვე გარდაიცვალა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969.
გ. ჯამბურია