დარახველიძე გიორგი ვიქტორის ძე

გ. დარახველიძე
გ. დარახველიძე ცეკვა „ქართული" (ნ. გუნიასთან ერთად).

დარახველიძე გიორგი (ბუხუტი) ვიქტორის ძე (15. VII. 1914, სოფ. ლეხიდრისთავი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 25. XI. 1982, თბილისი), მოცეკვავე, ქორეოგრაფი და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1962). დ. ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI, VII, VIII და X მსოფლიო ფესტივალების (მოსკოვი, 1957; ვენა, 1959; ჰელსინკი, 1962; ბერლინი, 1973) ლაურეატია.

1940 დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. ინ-ტი. ცეკვა დაიწყო 1937-იდან თსუ-ის თვითმოქმედ ქორეოგრ. ანსამბლში. 1937–38 ცეკვავდა აღმ. საქართვ. ეთნოგრ. გუნდში (ხელმძღვ. რ. შელეგია), 1938–39 – საკოლმეურნეო გუნდში, პარალელურად, 1937–41 – თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში და საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლშიც. 1940–41 ამ ანსამბლის წამყვანი სოლისტი გახდა. მის მიერ მაღალი ოსტატობით, დარბაისლური მანერით შესრულებულ ცეკვებს შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა „ქართული", „ხევსურული ფარიკაობა".

1946–49 კვლავ სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლში დაბრუნდა. ქორეოგრაფობა დაიწყო 1939-იდან. 1951 მიიწვიეს საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სტუდენტთა ქორეოგრ. ანსამბლის ხელმძღვანელად. 1957-იდან აყალიბებდა სხვადასხვა ქორეოგრ. ანსამბლს [ამიერკავკ. რკინიგზის კულტურის სახლის, ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს ანსამბლები, რუსთავის „სალხინო" (1965–69), „ქუთაისი" (1970–75) და სხვ.]. დ-ის დადგმული ცეკვებიდან აღსანიშნავია: „სალხინო", „ფარიკაობა", „ზემოხეური", „ახალგაზრდული", „აწკიპულა", „ალალმე", „გოგმანი", „შურდულა", „სადარბაზო", „ძველი თბილისი" და სხვ. ცეკვებს დგამდა დრამ. თეატრებსა და საოპერო წარმოდგენებში, კინოფილმებში.

1977 წარმატებით გააფორმა ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცების" საცეკვაო სცენები მოსკ. დიდ თეატრში. 1976– 82 იყო საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ დადიოდა სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.