ბაგრატიონი კირილე ალექსანდრეს ძე

კ. ბაგრატიონი

ბაგრატიონი კირილე ალექსანდრეს ძე (1750 – 19. IV. 1828, მოსკოვი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1797), სენატორი (1805-იდან), მეფე იესეს შვილიშვილი, პ. ი. ბაგრატიონის ბიძა.

1758 ოჯახთან ერთად რუსეთში გადასახლდა. 1767-იდან ფსკოვის კარაბინერთა პოლკში იყო ვახმისტრად. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის 1768–74 და 1787–91 ომებში, აგრეთვე პოლონეთის კამპანიაში (1793–94). 1776–77 ყირიმში განლაგებულ რუს. სამხ. ნაწილში მსახურობდა. ტაქტით, მაჰმადიანური ადათ-წესების ცოდნით ყირიმელ თათართა ნდობა მოიპოვა, ამიტომ იგი თავიანთ წარმომადგენლად გაგზავნეს რუს. საიმპერატორო კარზე.

1787 დაინიშნა მარიუპოლის პოლკის მეთაურად. 1800 გადადგა სამხ. სამსახურიდან და მოსკოვში დაბრუნდა. აქ იგი სენატის კანცელარიაში მოღვაწეობდა, იყო საიდუმლო მრჩეველი. 1805 – სენატის VII დეპარტამენტში.

დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში.

ფ. სიხარულიძე