ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი, X–XI სს. მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქუთაისში, რიონის მარჯვ. ნაპირზე, უქიმერიონის გორაზე, აგებულია ბაგრატ III-ის (975–1014) მეფობაში. ჩრდ. მკლავის დიდ სარკმელთან მოთავსებული წარწერის თანახმად, „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“ (1003, იხ. აგრეთვე ბაგრატის ტაძრის წარწერები). თავისი ისტ. და მხატვრული მნიშვნელობით ბ. ტ-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართ. არქიტ. ისტორიაში როგორც განვითარებული შუა საუკ. სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელს. მემატიანე მოგვითხრობს, რომ ტაძრის კურთხევა დიდი ზეიმით მოეწყო – მასში მონაწილეობდნენ საქართვ. სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები. ქვეყანა მაშინ თითქმის მთლიანად გაერთიანებული იყო ბაგრატ III-ის ხელქვეით. ამ ზეიმით ბაგრატმა თითქოს საგანგებოდ წარმოაჩინა, რომ საქართველოს მაშინდელ დედაქალაქში ახლად აგებულ საეპისკოპოსო ტაძარს ზოგადეროვნული მნიშვნელობა ენიჭებოდა. XVII ს. დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. რუს. ელჩები, რ-თაც ბ. ტ. დანგრევამდე ნახეს, მოწმობენ, რომ შიგნით იგი მოზაიკით იყო მორთული. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, „შემუსრეს ოსმალთა“. ამ დროს ჩამოინგრა გუმბათი და გადახურვები. XIX ს. 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის დას. კარიბჭე, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები. შემდეგ ისიც ნანგრევებად იქცა. შენობა ზიანდებოდა XIX ს. მანძილზეც – მის ქვებს ეზიდებოდნენ საშენ მასალად.

ბ. ტ. გეგმით ოშკის ტაძარს ენათესავება, მაგრამ მისი უბრალო გამეორება კი არ არის, არამედ ოშკის ტაძარში ჩანერგილი იდეის განვითარებაა. ხუროთმოძღვარმა შექმნა ტრიკონქი. ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმ., სამხრ. და ჩრდ. მხარეს) ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. იმავე დროს მან გაზარდა და თითქოს განაზოგადა შიგა სივრცე: მოსპო სადგომები სამხრ. და ჩრდ. მკლავების ორივე მხარეს და აქ მხოლოდ აფსიდები დატოვა; გააფართოვა დას. მკლავი, გაყო სამ ნავად და მოაწყო ამ მხარეს პატრონიკე-გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფის ოჯახი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. გუმბათი ეყრდნობოდა თავისუფლად მდგომ ოთხ. მძლავრ ბოძს. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდ.-დას-იდან სამსართულიანი საცხოვრ. კოშკი, ხოლო XI ს. I ნახევარში დას-იდან და სამხრ-იდან მდიდრულად მოჩუქურთმებული საზეიმო კარიბჭეები მიაშენეს.

მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორ. თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმ. ფასადი, რ-ზედაც გამოყენებულია ხუთი თაღისა და ორი ნიშის ცნობილი კომპოზიცია. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და სათაურებს. უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამენტი უფრო გრაფიკულია, ხასიათდება სიმსუბუქით, კვეთის მცირე სიღრმით და სტილის მხრივ კუმურდოს ჩუქურთმებს ენათესავება. კარიბჭეების შემკულობას კი ღრმა პლასტ. კვეთა ახასიათებს, გამოყენებულია მცენარეული და გეომ. სახეები, ცხოველთა გამოსახულებიანი; გვხვდება შუა საუკუნეებში დიდად პოპულარული მოტივი არწივისა, რ-საც კლანჭები მსხვერპლისათვის ჩაუსვია, ან ცხოველისტანიანი და ფრინველის ან ადამიანისთავიანი რაღაც ფანტასტიკური არსება და სხვ. შიგნით ბაზისებს და სვეტისთავებს რელიეფური გამოსახულებები ამკობდა. კედელ-კამარები და იატაკი მოზაიკით იყო დაფარული (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი კვალი). სამხრ. კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის ნაშთი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძარში და ეზოში ეწყო ქვაზე ნაკვეთი რელიეფებითა და ჩუქურთმებით შემკული დეტალები, რ-ებიც ტაძრის შიგა კედლებსა და ფასადებს ამშვენებდა.

ბ. ტ-ის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიგა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექ. ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტ. გამოცდილებასა და ოსტატობას. 1952-იდან დაიწყო ტაძრის აღდგენა-კონსერვაცია. სამუშაოთა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია (აღდგენილია დასავლეთის კარიბჭე, კედლების ნაწილი, ფასადების პერანგის მნიშვნელოვანი ნაწილი და სხვ.) არქიტ. ვ. ცინცაძის პროექტითა და ხელმძღვანელობით; პარალელურად მიმდინარეობს ძეგლის მეცნ. შესწავლა და გამოკვლევა. გამოვლენილია ისტ. მნიშვნელობის წარწერები. გადაწყვეტილია რიგი საკითხებისა ძეგლის თავდაპირველი ხუროთმოძღვრული ფორმების წარმოსადგენად, რ-ებშიც მკვეთრად ჩანს ჩვენი ხალხის შრომისა და ხელოვნ. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; ჩ ა კ ვ ე ტ ა ძ ე  დ., ძეგლი უქიმერიონზე, თბ., 1964; ჩ უ ბ ი ნ ა შ ვ ი ლ ი  გ., ქართული ხუროთმოძღვრება საშუალო საუკუნეებში და მისი სამი მთავარი კათედრალი, კრ.: არილი, ტფ., 1925; ც ი ნ ც ა ძ ე  ვ., ბაგრატის ტაძარი, თბ., 1964.

ვ. ბერიძე