დონ კასიოსი (ბერძნ. Dion Kassios Cocceianos; ლათ. Dio Cassius Cocceianus) (დაახლ. 153–235), რომაელი ისტორიკოსი.
წარმოშობით ბერძენი, ბითინიის ქალაქ ნიკეადან. ეკავა მაღალი სამოხელეო თანამდებობები, ეკუთვნოდა სენატორთა უმაღლეს წოდებას. ავტორია რამდენიმე ისტ. თხზულებისა. ჩვენამდე (ნაწილობრივ დაზიანებულმა) მოაღწია „რომის ისტორიამ" 80 წიგნად, რ-იც მოიცავს ხანას რომის დაარსებიდან 229-მდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თხზულების ის ნაწილი, სადაც ავტორი თავის თანამედროვე მოვლენებს აღწერს ოფიც. დოკუმენტების გამოყენებით.
დ. კ-ის თხზულება რომის ისტ. სხვა პერიოდებისთვისაც ძვირფას წყაროს წარმოადგენს, რამდენადაც აქ ძველ ისტორიკოსთა ნაშრომების გვერდით გამოყენებულია მხედართმთავართა, მოხელეთა ანგარიშები, მოგზაურთა აღწერილობები, დოკუმენტური მასალა. „რომის ისტორია" უპირატესად პოლიტ.-ისტ. ფაქტებს განიხილავს.
ნაშრომში მოიპოვება უაღრესად მნიშვნელოვანი ცნობები საქართვ.- რომის ურთიერთობის შესახებ (პომპეუსის ლაშქრობა იბერია-კოლხეთში, შემდეგდროინდელი მოვლენები, რომთან იბერიის დამოკიდებულება ახ. წ. II ს-ში, ფარსმან II-ის დროს და სხვ.). ამ ცნობათაგან ზოგი სრული ან უნიკალურია.
პუბლ.: Dio's Roman History with an English translastion by E. Cary, L.– Camb. (Mass.), 1954–55; დიონ კასიოსის (კოკეიანოსის) ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნ. ტექსტი ქართ. თარგმანით გამოსცა და შესავალი და კომენტ. დაურთო ნ. ლომოურმა, თბ., 1966.
ნ. ლომოური