ბადიანი

ბადიანი (Illicum), მარადმწვანე ბუჩქებისა და ხეების გვარი ილიციუმისებრთა ოჯახისა (ადრე მაგნოლიასებრთა ოჯახს აკუთვნებდნენ). გვარში 40-ზე მეტი სახეობაა; მათგან იაპონური ბ. – Illicum anisatum (I. religiosum), რ-იც ბუნებრივად იაპონიასა (უძველესი დროიდანაა მოშენებული საკულტო მცენარედ) და ნაწილობრივ კორეაში იზრდება და ჩინური ბ. (I. verum), რ-იც ველურად გავრცელებულია ჩინეთში, კულტივირებულია საქართვ. შავი ზღვის სანაპიროზე. პირველი ყინვაგამძლეა, მეორეს კი ძლიერი ყინვა აზიანებს. იაპონური ბ-ის ნაყოფი შეიცავას შხამს. მისი სურნელოვანი ქერქი იხმარება ხალხ. მედიცინაში. ჩინური ბ-ის ნაყოფი ეთეროვან ზეთს შეიცავს; იყენებენ მედიცინაში, არაყ-ლიქიორისა და კვების მრეწველობაში.

მ. სახოკია