„ბაამიანი“

„ბაამიანი“, ძვ. ქართული მწერლობის ძეგლი, „შაჰნამეს“ ანუ „როსტომიანის“ ერთ-ერთი ქართული ვერსია.

საფუძვლად დაედო ფირდოუსის პოემის „შაჰნამეს“ ანონიმური მიბაძვა-გაგრძელება ‒ ვრცელი პოემა „ბაჰმანნამე“ (დაახლ. XII ს. I მეოთხედი), რ-შიც აღწერილია ისფენდიარის (ქართ. სპანდიატის) შვილის ბაჰმანის (ქართ. ბაამი) ბრძოლა როსტომის შთამომავლების, სისთანელი გმირების წინააღმდეგ. „ბაჰმანნამე“ შეკვეცილ-შემოკლებული სახით მოგვიანებით „შაჰნამეს“ ინტერპოლირებულ ტექსტშიც შევიდა. „ბ.“ სწორედ ამ ადაპტირებული პოეტური ტექსტის ზუსტი პროზაული თარგმანია. შესრულებული უნდა იყოს XVI ს-ში სპარს. ენის კარგად მცოდნე პირის მიერ. თარგმანი სტილისტურად საკმაოდ გამართულია, სპარს. მხატვრული ხერხები უცვლელადაა დატოვებული.

„ბ.“ აღორძინების ხანის საყურადღებო ლიტ. ძეგლია. მოღწეულია ერთადერთი ნაკლული ხელნაწერით. ტექსტი: „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიები, დ. კობიძის რედ., [ტ.] 3, თბ., 1974.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1981; კ ო ბ ი ძ ე  დ., „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიების სპარსული წყაროები, თბ., 1959.

ა. გვახარია