ბაზალეთის სამაროვანი, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლი სოფ. ბაზალეთში (დუშეთის მუნიციპ-ში). არქეოლ. გათხრები ჩატარდა 1976 (ხელმძღვ. ლ. წითლანაძე).
სოფლის სამხრ.-აღმ-ით ფერდობზე გაითხარა დაზიანებული ორმოსამარხი, რ-შიც მრავლად იყო შავად გამომწვარი და გაპრიალებული კერამიკა. 1977 მიწის სამუშაოების დროს გამოვლინდა სამარხები. დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია სოფლებში შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლ. მასალა (აღმოსავლურ-ამიერკავკასიური ცული, სატევარი, ნაგალი და კერამიკა). 1988–89 გათხარეს (ხელმძღვ. რ. რამიშვილი) გვიანდ. ბრინჯაო – ადრინდ. რკინის ხანისა და ძვ. წ. V–III სს. ორმოსამარხები. მიცვალებულები ესვენენ ხელ-ფეხმოკეცილნი მარცხ. ან მარჯვ. გვერდზე, თავით დას-კენ. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი (ხელადა, ჯამი, კოჭობი, სასმისი), რკინის იარაღი (სატევრები, ცულები, საბრძოლო დანები, შუბისპირი), რკინისა და ბრინჯაოს ილარები, სამკაული (ბრინჯაოს ძეწკვიანი საკინძები, საკიდი, რკინის და ბრინჯაოს სამაჯურები, ვერცხლის საკიდი რგოლები, ვერცხლის საყურე ბეჭდები, ოქროს სხივანა საყურე, სასაფეთქლე რგოლები და სხვ.).
მასალა დაცულია დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტ.: Ц и т л а н а д з е Л., Г., М и р ц х у л а в а Н. Д., М е н а б д е М. В., К и г у р а д з е Т. Б., Итоги археологических исследований «Мчадиджварис-гора», კრ.: Полевые археологические исследования в 1977 году. Тб., 1980.
ლ. წითლანაძე
ა. ბუჩუკური