ბაზალეთის ტბა

ბაზალეთის ტბა, ტბა დუშეთის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), ქ. დუშეთის სამხრ-ით 5 კმ-ზე, ბაზალეთის პლატოზე, ზ. დ. 879 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართ. 1,22 კმ², აუზის ფართ. 14,4 კმ². მაქს. სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლ. 5 მლნ. მ³. საზრდოობს მიწის წიაღიდან ამოსული მინერ. წყლებით და ატმ. ნალექებით. მაქს. დონე ივნისშია, მინ. – ოქტ-ში, იანვ. და თებ-ში ტბა დაფარულია ყინულით, რ-ის სისქე ცივ ზამთარში 0,5 მ აღწევს, ივლისში წყლის ტემპ-რა 25°C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა, სუსტად მინერალიზებული (314 მგ/ლ). გამოირჩევა სამკურნ. თვისებებით. ტბის სამხრ.-აღმ., სამხრ. და დას. ნაწილში იზრდება ლელქაში და სხვა წყალმცენარეები. 5–6 მ სიღრმემდე არის დუმფარა. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს ქაშაყი და ნაფოტა; მოშენებულია ხრამული, წვერა და კობრი. ტბა სპორტ. და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდ.-დას. ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.

2007 გაიხსნა ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი, რ-იც მოიცავს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სასტუმროს, ღია აუზს, კინო-საკონცერტო დარბაზს, სპორტულ მოედნებს, რესტორნებს და სხვ. კომპლექსი აღჭურვილია თანამედროვე საკურორტო ინფრასტრუქტურით. იხ. აგრეთვე კურ. ბაზალეთი.

ლიტ.: საქართველოს ბუნებრივი რესურსები, მთ. რედაქტორი აკად. ირ. ჟორდანია, ტ.I–II,თბ., 2015.

ი. აფხაზავა