„ბაგიათა“

„ბაგიათა“, ნახშიროჟანგიანი ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სამკურნ. და სუფრის მინერალური წყალი.

საბადო მდებარეობს მდ. ლიახვის ზემოთში, კურ. ჯავიდან 20 კმ-ზე. საბადო შედგება ორი, საკუთრივ ბაგიათისა (ზედაიურული მუქი ნაცრისფერი თიხები, ქვიშაქვიანი კირქვები, მერგელები, კირქვების კონგლომერატ-ბრექჩიები) და ვანელის (ვალანჟინური შავი მერგელების წყება) უბნებისაგან, რ-თა შორისაა მდ. თლიისწყლის(ლიახვის მარცხ. შენაკადი) ტექტონ. რღვევის ზოლი.

წარმოებს წყლის ჩამოსხმა. იყენებენ სასმელად და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.

ტ. ჩიჩუა