დიოსკურები ბერძნ. Dioskuroi, სიტყვასიტყვით – ზევსის ვაჟიშვილები), კასტორი და პოლიდევკე (რომაულად პოლუქსი) – ლაკონიაში შობილი ტყუპი ძმა, ზევსის და ლედას შვილები, ელენეს და კლიტემნესტრას ძმები. ჰომეროსის და ზოგიერთი მითის მიხედვით, დ. ტინდარევსის შვილები იყვნენ. ამიტომ მათ ტინდარიდებსაც უწოდებდნენ.
ცნობილია ძმათა რამდენიმე საგმირო საქმე. ერთ-ერთი გმირობა იყო არგონავტების ლაშქრობაში მათი მონაწილეობა. მითოლ. გადმოცემათა ერთ-ერთი ვერსიით, ძმები ერთად კვდებიან და ერთადვე ცოცხლდებიან. დ. ერთ დღეს ოლიმპოზე ატარებენ, მეორეს – ქვესკნელში (ჰადესში). გვიანდ. სპარტანული თქმულების თანახმად, დ. სახელმწ. მფარველები და ტანვარჯიშის მამამთავრები არიან, კიდევ უფრო გვიანდელი ვერსიით – ზღვაოსანთა და ვაჭართა დამცველნი. თეთრ ცხენებზე ამხედრებული ძმები მფარველობდნენ აგრეთვე მეომრებს.
ძმური სიყვარულისათვის ზევსმა დ. ვარსკვლავებად აქცია (თანავარსკვლავედი „ტყუპი"). თქმულებიდან ჩანს, რომ ძმები სინათლის, შუქის, გემის ანძის, ცეცხლის განმასახიერებელი ღვთაებებიც იყვნენ. ხელოვნებაში დ-ს გამოხატავდნენ ახოვან ჭაბუკებად, რ-თაც თავზე ეხურათ წვერზე მოციმციმე ვარსკვლავით შემკული მრგვალი ქუდები. ექვს თუ რვაქიმიანი ვარსკვლავით დამშვენებული დ-ის ასეთი ქუდები გამოსახულია იმ მონეტის ავერსზეც, რ-იც ქალაქ დიოსკურიის (ახლანდ. სოხუმი) სახელით არის მოჭრილი ძვ. წ. II ს. დასასრულს, მითრიდატე VI ევპატორის მიერ კოლხეთის დამორჩილების ხანაში.
როგორც ჩანს, აღნიშნული ქუდების გამოსახულება წარმოადგენდა დიოსკურიის ემბლემას, ხოლო ტყუპი ძმა, რ-თაც მიიჩნევდნენ ამ ქალაქის ეპონიმებად და ოფიც. მთავარ ღვთაებებად, აქ გვიანდ. ანტ. ხანამდე სარგებლობდა განსაკუთრებული თაყვანისცემით. სამეცნ. ლიტ-რაში შენიშნულია, რომ, თუმცა ტყუპი ძმის კულტს თაყვანს სცემდნენ მილეტის მიერ შავიზღვისპირეთში დაარსებულ არაერთ ახალშენში, მაგრამ დ., როგორც ეპონიმები, აღიარებული იქნენ მხოლოდ ახლანდ. სოხუმის ყურის ტერიტორიაზე დაარსებულ ახალშენში. ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ ადგილ. ტომებში გავრცელებულ ლოკალურ კულტებსა და მითოლ. ანალოგიებში. ესენი უნდა იყვნენ „ამირანიანის" პერსონაჟები, ტყუპი ძმა – ბადრი და უსუპი.
ლიტ: И н а д з е М. П., Причерноморские города древней Колхиды, Тб., 1968; Ш е н г е л и я И. Г., К вопросу о топониме Диоскуриады, «Сообщения АН ГССР», 1963, т. 30, №6; Lexikon der Antike, Lpz, 1982.
მ. ინაძე