ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, VIII – IX სს. ეკლესია.
მდებარეობს ჯავახეთში, მდ. ასპინძისწყლის ხეობაში, დაბა ასპინძიდან (ასპინძის მუნიციპლ.) 5–6 კმ-ზე, მთის ფერდობზე. ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. აღსანიშნავია, რომ ძეგლი XIX ს-მდე წყაროებში არსად არ არის მოხსენიებული. ა. ე. წარმოადგენს დარბაზული ტიპის ერთნავიან ნაგებობას, რ-საც სამხრ-იდან თანადროული ორნაწილიანი მინაშენი აქვს. მინაშენის დას. აფსიდიანი ნაწილი უჭირავს სტოას, რ-იც გარე სივრცესთან ორი თაღით გახსნილი შესასვლელით არის დაკავშირებული, ხოლო აღმ. მონაკვეთში კიდევ ერთი აფსიდიანი სათავსია. იგი მთავარ დარბაზულ სივრცესთან უშუალოდ არის დაკავშირებული ერთადერთი კარით. ძეგლი ნაგებია მოწითალო-რუხი ფერის ქვით, ალაგ-ალაგ ღვინისფერი ქვის ჩანართები აქვს. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ელემენტები – კედლის კუთხეები, კარ-სარკმლის საპირეები, კონქი, პილასტრებისა და აფსიდის კუთხეები გამოყვანილია თლილი ქვიშაქვით. კედლის წყობა კი მუქ-მორუხო ფოროვანი ქვისაა. მაღალი და ვიწრო შიგა სივრცე ორ ნაწილად იყოფა პილასტრების ერთი წყვილით, რ-ებზე ამოყვანილ საბჯენ თაღზეც გადამხური კამარაა დაყრდნობილი. აღმ-ით ღრმა, უსწორმასწორო მოყვანილობის ოდნავ ნალისებური ფორმის აფსიდითაა დასრულებული. შესასვლელი ორია – დას-იდან და სამხრ-იდან. ნათდება 5 სარკმლით, დეკორ. მორთულობიდან აღსანიშნავია მდიდრულად შემკული და მეტად თავისებურად გადაწყვეტილი სამხრ. და დას. სარკმელთა და კარის თავსართები. დას. და ჩრდ. მინაშენები უფრო გვიანდ. ხანისაა. ა. ე. როგორც ტექტონიკური ფორმებით, ისე დეკორის ხასიათით ქართ. ხუროთმოძღვრების გარდამავალი ხანის (VII–X სს.) ძეგლია. მისი გეგმა, ერთი მხრივ, სამეკლესიიან ბაზილიკასთან არის დაკავშირებული, მეორე მხრივ–მინაშენიანი დარბაზული ეკლესიის ტიპთან. მასში ასახულია აღნიშნული ეპოქისათვის დამახასიათებელი კომპოზიციური გადაწყვეტის ახლებური ძიების ცდა.
ძეგლს 1978 – 80 ჩაუტარდა რესტავრაცია (არქიტ. თ. ნემსაძე).
ლიტ.: Чубинашвили Н. Г., Шашианис Самеба, Тб., 1988.
ი. ელიზბარაშვილი
დ. თუმანიშვილი