არაგვისპირის არქეოლოგიური ძეგლები, ანტიკური ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი სოფ. არაგვისპირის (დუშეთის მუნიციპ.) მიდამოებში, საქართვ. სამხ. გზის გასწვრივ. გათხარეს 1974–77 (ხელმძღვ. რ. რამიშვილი). ნამოსახლარზე გამოვლინდა 2 სამშენებლო დონე. ორივე დონეზე შენობები ნაგები იყო თიხის ხსნარზე რიყის ქვითა და ალიზით. ქვედა დონეზე (I–II სს.) აღმოჩენილია ღია მოჩალისფრო თიხის საოჯახო ჭურჭელი, ქვევრები, ლუთერიუმები, წითელი წერნაქით შემკული კრამიტი. ნაგებობათა ზედა სამშენებლო დონე განეკუთვნება III–IV სს. დას. ნაწილში შემორჩენილი სათავსების სიდიდის მიხედვით და კრამიტის ნატეხთა სიუხვით შესაძლოა ეს შენობები სასახლის ტიპის ნაგებობას წარმოადგენდეს.
ნამოსახლარის მახლობლად მდებარეობდა სამაროვანი. გათხარეს ზემოხსენებულ შენობათა სინქრონული სხვადასხვა ტიპის 95 სამარხი (ორმოსამარხები, ძელებით გამართული სამარხები, ქვის სამარხები), ნამოსახლართა და სამაროვანთა ასეთი სიახლოვე დამახასიათებელია ახ. წელთაღრიცხვის I ათასწლ. I ნახ. იბერიისათვის. ორმოსამარხებში ესვენა თითო კიდურებმოხრილი მიცვალებული, რ-თაც თავი ჰქონდათ დას-ით ან სამხრ.-დას-ით. რამდენიმე შედარებით გვიანდ. ორმოსამარხი (IV ს.) გადახურული იყო ქვის ფილებით. ძელებით გამართული სამარხები II–IV სს. განეკუთვნება. ქვის სამარხები ადრინდ. ქრისტ. ხანისაა. სამაროვნის სამხრ.-აღმ-ით გამოვლენილია მდიდრულ სამარხთა უბანი (III ს. II ნახ. – IV ს.). იქ აღმოჩენილია 3 სამარხი, რ-ებიც არმაზისხევის ერისთავთა სამაროვანზე გამოვლენილ მდიდრულ სამარხებს მოგვაგონებს. მათში იყო ჭურჭელი (ვერცხლის თასები არწივისა და ბომონის წინაშე მდგარი ცხენის გამოსახულებით, ვერცხლის სურები ნადირობის სცენებით, თიხისა და მინის ჭურჭელი), სამკაული (ვერცხლისა და ოქროს გემიანი ბეჭდები, ოქროს ყელსაბამი, მედალიონები, სამაჯურები), მონეტები. ნივთები სტილისტურად არმაზისხევის, ურეკისა და სხვა ადგილზე აღმოჩენილი მასალის მსგავსია.
ნამოსახლარისა და სამაროვნის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვევრები და სამეურნეო დანიშნულების ორმოები, რ-თა უმრავლესობაში იყო ნამოსახლარის სინქრონული კრამიტის ნატეხები, რიყის ქვები, ნამწვავი და ზოგჯერ მარცვლეულის (ხორბლის) ნაშთები.
ლიტ.: რამიშვილი რ., ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები არაგვის ხეობაში,«ძეგლის მეგობარი», 1975, № 39; Рамишвили Р. М., Джорбенадзе В. А., Археологические исследования в зоне строительства Жинвальского гидротехнического комплекса, წგ.: Археологические исследования на новостойках Грузинской ССР, Тб., 1976.
რ. რამიშვილი
ც. რობაქიძე