დიოსკურია (ბერძნ. Dioskurias), ანტიკური ქალაქი კოლხეთის შავი ზღვის სანაპიროზე (სოხუმის ადგილას). უძველესი წერილობითი ცნობა დ-ის შესახებ დამოწმებულია ძვ. წ. IV ს. II ნახ. ბერძენი ავტორის ფსევდოსკილაქს კარიანდელის „პერიპლუსში", რ-იც ძირითადად ძვ. წ. VI ს. გეოგრ. ნაშრომების საფუძველზეა შედგენილი. „პერიპლუსის" მიხედვით, ქალაქი დიოსკურისი მდებარეობდა კოლხთა ქვეყანაში. ახ. წ. II ს. ავტორის ფლავიუს არიანეს ცნობით, დ. მილეტელთა მიერ დაარსებული აპოიკია (ახალშენი) იყო. სოხუმის მიდამოებში, მის დას-ით, სოფ. ქვემო ეშერის სანაპიროზოლში განლაგებულ ერთ-ერთ ბორცვზე მოპოვებული ძვ. წ. VI ს. როდოსულიონიური ჯგუფის კერამ. მასალით სავსებით დადასტურდა ის მოსაზრება, რომ ახალშენ დ-ს ძვ. წ. VI ს-ში საფუძველი ჩაუყარეს იონიელებმა (მილეტელებმა). როგორც ჩანს, პირველ ბერძენ კოლონისტებს თანამედროვე სოხუმის უბის ის სანაპირო ზოლი ეჭირათ, რ-იც ამჟამად წყლითაა დაფარული. მკვლევართა ვარაუდით, სახელწ. „დ." წარმოიქმნა რომელიღაც ადგილ. სახელის ბერძნულად გააზრების ან მისი ბერძნულად თარგმნის შედეგად. პ. ინგოროყვას აზრით, „დიოსკუროი", რ-იც ბერძნულად ტყუპ ძმებს (ქალაქის მფარველ ღვთაებებს) ნიშნავს, ქართ. „ტყუბუნის" (ტყუპების) თარგმანი უნდა იყოს. ს. ჯანაშიას მოსაზრებით, სახელწ. „დ-ის" მეორე ნაწილში ჩანს ცნობილი მეგრ. ტოპონიმიკური ტერმ. „სკური" („წყალი", „მდინარე", „დასახლებული ადგილი"). სოფ. ქვემო ეშერაში არქეოლ. კვლევა- ძიებით გამოვლენილი ინტენს. ცხოვრების კვალი (დიდი რაოდენობის იმპორტ. კერამიკა და სხვ.) იმასაც მოწმობს, რომ აქ ფუნქციონირებდა იონიელთა მცირე დასახლება, როგორც დ-ის გვერდით იმავე ხანებში (ძვ. წ. VI ს.) წარმოქმნილი ერთ-ერთი დამხმარე სავაჭრო ფაქტორია. დ-ის იონიური დასახლება ცარიელ ადგილზე არ წარმოქმნილა. სოხუმის არქეოლ. ძეგლების შესწავლით ირკვევა, რომ ახალშენი სოხუმის უბეში დაარსდა ადგილ. მსხვილ სამოსახლოსთან, სადაც თავმოყრილი იყო მრავალდარგობრივი ხელოსნური წარმოება. ამასთან, სოხუმის მიდამოების მოსახლ. ძვ. წ. VIII–VII სს-ში წარმოგვიდგება მშვიდობიან საზ-ბად საკმაოდ დაწინაურებული ინტენს. მიწათმოქმედებით. ადგილ. მსხვილი დასახლება ამავე დროს საკმაოდ ჩამოყალიბებული სამეურნ.- ეკონ. ცენტრი იყო, რ-საც იმთავითვე მჭიდრო სააღებმიცემო კავშირი ჰქონდა მახლობლად მცხოვრებ ტომებთან. ამ პროცესს დიდად შეუწყო ხელი მეტალ. წარმოებისა და მეთუნეობის განვითარებამ. ქვემო ეშერისა და მის მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით იონიურ იმპორტ. კერამიკასთან ერთად კიდევ უფრო მეტი ადგილ. ბრინჯაოსა და რკინის იარაღის, სამკაულის, სამეთუნეო ნაწარმის, აბორიგენთა სამარხების, კრომლეხების გამოვლენა მოწმობს ამ ტერიტორიაზე ადრიდანვე ბერძნ. ეთნოსის მშვიდობიან თანაარსებობას ადგილ. მოსახლეობასთან. ურთიერთდამოკიდებულების ასეთი ფორმა ბერძნ. და მკვიდრ მოსახლეობას შორის დამახასიათებელი იყო განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომ საზ-ბებში სავაჭრო მიზნით დაარსებული ახალშენებისათვის. ამ მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იონიელთა უმთავრესი ამოცანა იყო სოხუმის მიდამოებსა და მის ჩრდ-ით მდებარე მთიან მხარეში ლითონის, უმთავრესად რკინის, მოსაპოვებელი ბაზრების გაფართოება. ეს ბაზრები ერთდროულად იონიელთა კერამ. ნაწარმის გამსაღებელი ცენტრებიც ყოფილა. რკინასთან ერთად ჩრდ. კოლხეთიდან უთუოდ გაჰქონდათ ოქრო და ვერცხლი. მომდევნო ხანაში, როცა კოლხეთის სანაპიროს მოსახლეობასთან ეკონ. ურთიერთობას იონიის გარდა ბერძნ. სამყაროს სხვა ცენტრებიც ამყარებენ, საექსპორტო დანიშნულების საქონლის შემადგენლობა მნიშვნელოვნად იზრდება და მრავალფეროვანი ხდება. ლითონს ემატება სელი, სელის ნაწარმი და სხვ. იონიელ კოლონისტებთან სავაჭრო ურთიერთობის დამადასტურებელი მასალა – იმპორტ. ნივთები – თანამედროვე სოხუმის მიდამოებში ჩნდება მხოლოდ ძვ. წ. VI ს. დასასრულიდან, მაგრამ ადგილ. მკვიდრთა დაინტერესებას მათთან ურთიერთობით უცილობლად მოწმობს ამ საუკუნის დასაწყისისათვის აბორიგენთა თავმოყრა სოხუმის უბის გარშემო. ამავე დროს ადრე არსებულ ადგილ. სამაროვანთა რიცხვს ემატება ახ. ნეკროპოლები: ბორცვი გუად-იხუ , სადაც ჩნდება დამარხვის ახ. წესი – კრემაცია. იმავდროულად კრემაციული სამარხები ჩნდება სოხუმის მთაზეც. გრძელდება ინჰუმაციური წესით დაკრძლვა სანაპირო ზოლში „წითელი შუქურის" – სამაროვანზე. იონიური დასახლების გარშემო ადგილ. სამოსახლოთა თავმოყრის პროცესი გრძელდება მომდევნო საუკუნეებშიც. ძვ. წ. V ს. პირველი ნახევრიდან შეინიშნება მთელი იმ ტერიტ. ათვისება, რ-იც გარს ეკრა სოხუმის უბეს. ძვ. წ. V–IV სს-ში დ-ის ირგვლივ მდებარე ადგილ. დასახლებებში – მთის ფერდობებზე, დაბლობებზე ინტენსიურად ვითარდება სოფ. მეურნეობა: მიწათმოქმედება, მევენახეობა, რაზედაც მიუთითებს აქ აღმოჩენილი რკინის სახნისი, რკინის თოხები, ნამგლები, ვენახის სასხლავი მოღუნული დანები. ამრიგად, ბერძნ. ახალშენის გარშემო მცხოვრები ადგილ. მოსახლეობა საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქალაქის სამეურნ. ცხოვრებაში. ამავე ტერიტორიაზე ადგილ. მოსახლ. ნეკროპოლებზე დიდი რაოდენობით საომარი იარაღის აღმოჩენა იმაზედაც მეტყველებს, რომ ეს საზ-ბა მონაწილეობდა ქალაქის დაცვაში, იგერიებდა მეკობრეთა და ზოგიერთ მომთაბარე ტომთა თავდასხმებს. ადრეანტიკურ ხანაში იონიელი მოახალშენენი აქ ჯერ კიდევ არ ფლობდნენ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სამეურნ. ტერიტორიას; ბუნებრივი რესურსებისა და ნედლეულის ათვისება ხორციელდებოდა ადგილ. მოსახლეობასთან აღებ-მიცემობის გზით. სტრაბონის გადმოცემით, დ. იყო მის ზემოთ და მახლობლად მცხოვრებ ტომთა სავაჭრო ადგილი, სადაც თავს იყრიდა 70 ენაზე მოლაპარაკე ტომი, ხოლო ძვ. წ. III ს. ავტორის ტიმოსთენეს ცნობით, ეს რიცხვი 300-მდე აღწევდა. აბორიგენები თავისი საქონლის სანაცვლოდ დ-ში იძენდნენ მარილს. საქალაქო ცხოვრების შემდგომი განვითარება მოწმობს, რომ ბერძნ. და ადგილ. ეთნოსის დიოფიზისის შედეგად აქ განვითარდა შერეულმოსახლეობიანი ქალაქი, სადაც აღნიშნული ეთნ. ჯგუფები ცალცალკე უბნებად ცხოვრობდნენ, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ერთიან საქალაქო ორგანიზმს შეადგენდნენ. ძვ. წ. V ს. შუახანებიდან პონტოს აღმ. ნაპირს მოადგა ათენის მოახალშენეთა ახ. ტალღა, რ-საც კოლხეთის მიმართ ამოძრავებდა სავაჭრო- ეკონ. და პოლიტ. (სტრატეგიული) ინტერესები. ათენის ფაქტორიები დაარსდა გემთსაშენი მასალით, რკინით, სპილენძითა და სხვა რესურსებით მდიდარ კოლხეთის რ-ნებში, მ. შ. სოხუმისა და ეშერის სანახებშიც. კოლხეთიდან, კერძოდ, დ-იდან ათენის მიერ საჭირო რესურსების (უმთავრესად გემთსაშენი მასალა, ძვირფასი ჯიშის ხე-ტყე, ცვილი, ფისი, კანაფი და სხვ.) გატანის ფართო მასშტაბებს ამ ხანაში განაპირობებდა ატიკის მზადება სპარტასთან ომისათვის, შემდგომ კი ამ ომის მსვლელობა. იმდროინდელ საერთაშ. სავაჭრო ურთიერთობებში ჩაბმის შედეგად დისა და მისი მიდამოების მოსახლ. ეკონ. ცხოვრებამ მანამდე არნახულ აღმავლობას მიაღწია. სოხუმის უბისა და ეშერის ტერიტორიაზე ატიკური დასახლებების შექმნის პროცესში მთავარი დასაყრდენი იყო დ-ის იონიური ახალშენი, რ-ის გარშემო თავს იყრიდნენ ატიკელი კოლონისტები. სოხუმის უბესთან ატიკელ მოახალშენეთა ახ. უბნის შექმნასთან ერთად აქვე ჩნდება ახ. ნეკროპოლი, რ-იც მდ. ბესლეთის შესართავთან აღმოჩენილი სოხუმის ცნობილი სტელის მიხედვით, ათენელ მოახალშენეთა საკმაოდ შეძლებულ ფენას ეკუთვნოდა. ელინისტური ხანის დასაწყისიდან პონტოს ბაზრებზე ათენის ჰეგემონიის დაცემის შემდეგ მის ადგილს კოლხეთის ქალაქებთან, მ. შ. დ-თან ვაჭრობაში იკავებენ სამხრ. შავიზღვისპირეთის უდიდესი ცენტრები: ჰერაკლეა, ამისოსი, განსაკუთრებით სინოპი. ისინი წარმართავდნენ დ-ის სააღებმიცემო ურთიერთობებს მთელ ელინისტურ სამყაროსთან და ამავე დროს მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდნენ ქალაქის სამეურნ. ცხოვრების ყველა სფეროზე (მეთუნეობა, კრამიტისა და ამფორების დამზადება, სამშ. ტექნიკა, წყალსადენების გაყვანა, მონეტის მოჭრა და სხვ.). ყველაფერი ეს შედეგად მოჰყვა სამხრ. შავიზღვისპირეთის ცენტრებიდან დ-სა და ეშერაში ოსტატ- ხელოსნების გადმოსახლებას და აქ სინოპის სავაჭრო ფაქტორიის დაარსებას. სოხუმის მიდამოების მრავალ ადგილას აღმოჩენილი სინოპური კრამიტი, ამფორები მოწმობს დ-ში მეურნეობის შემდგომი განვითარების შესაბამისად მოთხოვნილების ზრდას სატარე და სამეურნ. ჭურჭელზე, სამშ. მასალაზე და სხვ. სოხუმიდან 16–18 კმ დაშორებით, ადგილ გვანდრაში, სხვა კერამ. ნაწარმსა და საწარმოო წუნთან ერთად აღმოჩენილია ამფორის ყურების ერთი ჯგუფი (9 ცალი), რ-ებზედაც აღბეჭდილია დამღა ბერძნ. რელიეფური წარწერით დიოსკუ („დიოსკურია"). ადრეელინისტურ ხანაში, გარდა გვანდრის ტერიტორიისა, დ-ის კერამ. სახელოსნოები უნდა ყოფილიყო ეშერაშიც, სადაც აღმოჩნდა ზუსტად ისეთივე დამღიანი ამფორის ყური (წარწერით „დიოსკურია"). აღნიშნული გარემოება აიხსნება დ-ის საქალაქო თემის კონტროლით გვანდრისა და ეშერის კერამ. სახელოსნოებზე. ამავე ხანებში შეინიშნება კრამიტისა და სხვა სამშ. მასალის დამამზადებელი ახ. სახელოსნო უბნის წარმოქმნა სოხუმის უბეში (თანამედროვე „წითელ შუქურასთან"). მთელი ეს მასალა ნათლად მოწმობს ელინისტური ხანისათვის დ-ის გავლენის სფეროში საკმაოდ დიდი სამეურნ. მიწების (ხორას) მოქცევას. ეს ტერიტ. მოიცავდა ქალაქის ჩრდ.-დას-ით მდებარე სანაპირო ზოლს (თანამედროვე გვანდრამდე). დ-საგან დაქვემდებარებული მიწები ვრცელდებოდა მის აღმ-ითაც (აგუძერა- კელასური, გუადიხუ, სოხუმის მთა და სხვ.). ძვ. წ. II ს. დასასრულიდან, მითრიდატე ევპატორის მეფობის დროს, როდესაც კოლხეთში უქმდება სამეფო ხელისუფლება, დ.იღებს გარკვეულ ავტონ. უფლე ბებს; დ-ის სახელით იჭრება მონეტები (ხალკები, დიხალკები), რ-ზედაც გამოსახულია ქალაქის მფარველ ღვთაებათა, ტყუპი ძმების – დიოსკურების – ვარსკვლავიანი ქუდები. მიუხედავად ამისა, დ. ამ ხანებშიც არ სარგებლობს სრული ავტონომიით, რადგან პოლიტიკურად იგი მითრიდატეს ექვემდებარება და მისი პოლიტიკის გამტარებელი ერთერთი დასაყრდენი პუნქტია კოლხეთში. პონტოს მბრძანებლისადმი დაქვემდებარების ეს ნიშნები თავს იჩენს ქალაქის სახელოსნოების კერამ. ნაწარმში: ეშერაში აღმოჩენილ ერთ-ერთ კრამიტზე გაკეთებულია ოთხკუთხა დამღა, რ-ზეც გამოსახულია მითრიდატეს მბრძანებლობის სიმბოლო – დიონისეს თირსის გამოსახულება. ასეთივე თირსი გამოსახულია დ-ის სახელით მოჭრილ მონეტებზეც. ძვ. წ. I ს. II ნახევრისათვის, რომაელთა მიერ დ-ის აღების შემდეგ, პლინიუს უფროსის გადმოცემით, რომაელი ვაჭრები ქალაქში თავიანთ საქმეებს 130 თარჯიმნის საშუალებით აგვარებდნენ, მაგრამ იმავე პლინიუსის ცნობით, მის დროს (ახ. წ. I ს. I ნახ.) დ. დაცარიელებული ყოფილა. ქალაქის დაცემა გამოიწვია, ერთი მხრივ, მის მიწებზე სამეურნ. ცხოვრების და მოსახლეობაში მიმდინარე სოც. კრიზისმა, მეორე მხრივ, ქალაქის ირგვლივ და მის ზემოთ მდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებთან ადრე არსებული მშვიდობიანი სააღებმიცემო ურთიერთობის დარღვევამ.
ლიტ: ი ნ ა ძ ე მ., აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიზაცია, თბ., 1982; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე ო., ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი, თბ., 1966; К в и р к в е л и я Г. Т., Местное население в районе Сухумской бухты в период греческой колонизации, კრ: Проблемы греческой колонизации Северного и Восточного Причерноморья. Материалы симпозиума (1977 г.), т. 1, Тб., 1979; Т р а п ш М. М., Диоскурия. Культура местного населения в раннеантичное время, Труды, Сух., 1969.
მ. ინაძე