ბალადა

ბალადა (ფრანგ. ballade, პროვანსული balada < გვიანდ. ლათ. ballo – ვცეკვავ), პოეზიისა და მუსიკის ჟანრი.

ქართ. მხატვრულ ლიტ-რაში სრულყოფილი სახით ბ. XIX ს-მდე თითქმის არ გვხვდება, ქართ. ხალხ. ბ. კი გაცილებით ადრე უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ამას ააშკარავებს სვანური, რაჭული, ხევსურული და საქართვ. ბარის ზოგიერთ კუთხეში შემონახული ბ-ების ნიმუშთა რიტმული სტრუქტურა და გამომსახველობითი ხერხები. ბ-ის ცნება ყველას ერთნაირად არ ესმის: ქართ. ფოლკლორისტიკაში ბოლო წლებში დამკვიდრებული შეხედულებით, ბ. ლირ.-ეპიკური ფორმის სიუჟეტიანი ლექსია, რ-შიც გმირის ცხოვრების რაიმე არაჩვეულებრივი ეპიზოდია გადმოცემული. ბ. შეიძლება შეიცავდეს დიალოგს („ია მთაზედა“), მონოლოგს („შემომეყარა ყივჩაღი“) ან ეპიკურ თხრობას („თავფარავნელი ჭაბუკი“). მისი სიუჟეტი ყოველთვის დრამატულია. გვხვდება საწესჩვეულებო, სამონადირეო, საგმირო, სატრფიალო და საყოფაცხოვრებო ბ-ის ნიმუშები. მათგან ზოგი ძვ. თქმულებებსა და გადმოცემებს ეფუძნება, ნაწილი კი ორიგინ. პოეტური გარდასახვის ნაყოფია. ლექსი უმთავრესად 16-მარცვლიანი შაირით არის გაწყობილი, გვხვდება ურითმო „ფისტიკაურის“ რამდენიმე ნიმუშიც. ხალხ. ბ-ის მოტივები საგრძნობია ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და სხვ. პოეზიაში. ბალადისებურია ხალხ. ლექსი „თამარ მეფე და ხონთქარი“, რომელიც სიმღერითა და ცეკვით სრულდებოდა. ასევე ბალადის ნიმუშებია: რ. ერისთავის „ალები“, „ქალების აყვანა“, ი. გრიშაშვილის „ზღაპარი ჰამაკში“.

ქართ. ხალხ. სასიმღერო შემოქმედებაში ბ-ის ჟანრი უძველესი დროიდან გვხვდება საწესჩვეულებო, საგმირო, სატრფიალო და სხვ. ხასიათის მძაფრსიუჟეტიანი სიმღერების სახით („ხოგაის მინდია“, „თავფარავნელი ჭაბუკი“, „ბეთქილი“, „დალი კლდეში მშობიარობს“, „ავთანდილ გადინადირა“). ხალხ. ვოკალური ბ-ის იშვიათი ნიმუშია „სიმღერა ვეფხისა და მოყმისა“.

ბ-ის ჟანრი გვხვდება თანამედროვე ქართ. პროფ. მუსიკაშიც გმირულ-ეპიკური ხასიათის ვოკალური და საკრავიერი ნაწარმოებების სახით (ა. ბალანჩივაძე, ა. მაჭავარიანი, ა. ჩიმაკაძე).

„ბალადა ვეფხვისა და მოყმისა“ 17 ენაზე ითარგმნა და 2020 წელს გამოიცა წიგნად (პროექტის ავტ. და შემდგ. – ნ. ბართაია).

ლიტ.: კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე  გ., ქართული ხალხური ბალადა, თბ., 1957; ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956.

ჯ. ბარდაველიძე

გ. ჩხიკვაძე