ბალავაძე ბენედიქტე კონსტანტინეს ძე [12 (25). VI. 1909, სოფ. ღანირი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 26. III. 2010, თბილისი], გეოფიზიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1974; წ.-კორ. 1967). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1956), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). 1931 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი. 1931–32 მუშაობდა საქართვ. მძიმე მრეწვ. სახალხო კომისარიატში, თბილ. გეოფიზ. ობსერვატორიაში (მონაწილეობდა სსრკ გენერალურ მაგნიტურ აგეგმვაში), 1933-იდან – საქართველოს მეცნ. აკად. გეოფიზ. ინ-ტში. 1951–53, 1972–87 იყო ამავე ინ-ტის დირექტორი, 1987-იდან – ინ-ტის დირექციის მრჩეველი. 1968–76 იყო თსუ-ის ძიების გეოფიზ. მეთოდების კათედრის გამგე, 1976–89 – გეოფიზ. კათედრის გამგე.
ბ-ის შრომები ეხება დედამიწის ქერქის აგებულებისა და სასარგებლო წიაღისეულის გრავიმეტრიული შესწავლის მეთოდების დამუშავებას, სიმძიმის ძალის პირდაპირი და შებრუნებული ამოცანების ამოხსნას, კავკ. ტერიტ. და მიმდებარე ზღვების აკვატორიების გრავიტაციული ველის გამოკვლევას, ამ რეგიონის დედამიწის ქერქის და ზედა მანტიის აგებულებისა და ფიზ. თვისებების, დედამიწის ქერქის მიმოქცევითი დეფორმაციებისა და დინამიკის შესწავლას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. საქართვ. სახელმწ. პრემია (1994).
თხზ.: გრავიმეტრიის კურსი, თბ., 1959; გეოფიზიკის ტერმინოლოგია (რუს.-ქართ. და ქართ.-რუს.), თბ., 1988 (თანაშემდგ. ი. ცუცქირიძე): Гравитационное поле и строение земной коры в Грузии, Тб., 1957; Геофизическое исследование строения земной коры бассейна Черного моря. კრ.: Глубинное строение Кавказа, М., 1966; Методы изучения структуры земной коры по аномалиям силы тяжести, «Геофизический сборник АН УССР», 1971, т. 42; Земная кора и история развития Черноморской впадины. М., 1975 (თანაავტ.); Приливы в твердом теле Земли, Тб., 1984 (თანაავტ. К. З. Картвелишвили); Наклоны и деформации земной коры в районе Ингурской ГЭС, Тб., 1985 (თანაავტ. В. Абашидзе).
ვ. ჯავრიშვილი