ბალაკირევი მილი ალექსის ძე

ბალაკირევი მილი ალექსის ძე [21. XII. 1836 (2. I. 1837), ნიჟნი-ნოვგოროდი, – 16 (29). V. 1910, პეტერბურგი], რუსი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, საზოგადო მოღვაწე. რუს. კომპოზიტორთა შემოქმედებითი გაერთიანების „მძლავრი ჯგუფის“ მეთაური, „უფასო მუსიკალური სკოლის“ დამაარსებელი, სამეფო კაპელის ხელმძღვანელი. თავისი მოღვაწეობით ხელი შეუწყო რუს. პროფ. მუსიკის აღმავლობას.

ბ-მა დიდი ინტერესი გამოიჩინა კავკ. მუს. ფოლკლორისადმი, რაც შემდგომში განვითარდა და გაღრმავდა „მძლავრი ჯგუფის“ სხვა კომპოზიტორთა შემოქმედებაშიც. ქართ. თემატიკა დაედო საფუძვლად ბ-ის სიმფ. პოემას „თამარს“ (1882, ლერმონტოვის ამავე სახელწ. ლექსის მიხედვით). ბ-მა სამჯერ იმოგზაურა კავკასიაში (1862, 1863, 1868), მეორე და მესამე მოგზაურობისას იყო თბილისშიც. მან პირველმა დაიწყო კავკასიური მელოდიების (მ. შ. ქართული ჰანგების) ჩაწერა. აღსანიშნავია აგრეთვე მის მიერ დაწერილი „ქართული სიმღერა“ (პუშკინის ლექსის „ნუ მიმღერ ლამაზოს“ მიხედვით). 1865 ბ-მა „რუსული სამუსიკო საზოგადოების“ მთავარი დირექციისაგან მიიღო დავალება თბილისში გაეხსნა ამ საზ-ბის განყ-ბა. შეადგინა პროგრამა კონცერტებისა (ბეთჰოვენის, შუმანის, გლინკას, შუბერტის, ბერლიოზის ნაწარმოებები), რ-ებიც მისივე დირიჟორობით უნდა ჩატარებულიყო თბილისში. მაგრამ ბ-მა ეს განზრახვა ვერ შეასრულა.

ლიტ.: ე ქ ს ა ნ ი შ ვ ი ლ ი  ე., მ. ბალაკირევი და საქართველი, «საბჭოთა ხელოვნება», 1977, №3; კ ე ლ დ ი შ ი  ი., რუსული მუსიკის ისტორია, ნაწ. 2, თბ., 1966.

მ. ფიჩხაძე