ბალანჩივაძე მელიტონ ანტონის ძე [24. XII. 1862 (5. I. 1863). სოფ. ბანოჯა, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 21. XI. 1937, ქუთაისი], კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, ქართ. საოპერო მუსიკის ფუძემდებელი. საქართვ. სახ. არტისტი (1903). პირველდაწყებითი განათლება მიიღო ქუთ. სას. სასწავლებელში. აქ იგი მონაწილეობდა მოსწავლეთა გუნდში და ხელმძღვანელის ლ. აღნიაშვილის ყურადღებაც მიიპყრო. მალე თვითონ ჩამოაყალიბა მოსწავლეთა გუნდი და სიმღერა-გალობას ასწავლიდა. 1879, თბილისში გადმოსვლის შემდეგ, ბ. საქართვ. ეგზარქოსის მგალობელთა გუნდში მიიღეს. გუნდის ხელმძღვანელმა ვ. აუშევმა მას მუსიკის თეორია შეასწავლა და თავის თანაშემწედაც დანიშნა. 1880-იდან ბ. თბილ. ოპერის თეატრის გუნდში მიიწვია ფ. ქორიძემ. მალე სოლო პარტიებიც იმღერა ოპერებში „ევგენი ონეგინსა“ (ზარეცკი) და „ფაუსტში“ (ვალენტინი).
1882 ბ-მ ჩამოაყალიბა ქართ. ხალხ. სიმღერის გუნდი, რ-მაც 1883 თბილისში კონცერტი გამართა. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართ. ხალხ. სიმღერების საჯაროდ შესრულებისა, რასაც დიდი კულტ.-ეროვნ. მნიშვნელობა ჰქონდა. 1883–86 ბ-მ ფ. ქორიძესთან ერთად მთელი საქართველო შემოიარა ხალხ. სიმღერისა და გალობის ჩაწერა-შესწავლის მიზნით. 1886-იდან მღეროდა ლ. აღნიაშვილის მიერ დაარსებულ გუნდში და ერთხანს კიდეც ხელმძღვანელობდა მას. იმავე ხანებში ჩამოაყალიბა ორკესტრი, რ-იც ლ. აღნიაშვილის გუნდთან ერთად კონცერტებზე ხალხ. სიმღერებისაგან შედგენილ „ქართულ პოპურის“ ასრულებდა.
1889 ბ-მ მსმენელებს წარუდგინა თავისი სამი რომანსი – „ნანა“. „შენ გეტრფი მარად“ და „ოდესაც გიცქერ“ (ქართ. მუსიკაში რომანსის ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები). 1889–95 ბ. პეტერბ. კონსერვატორიაში სწავლობდა ჯერ ვოკალის განხრით (პროფ. ვ. სამუსთან), შემდეგ კი კონსერვ. დირექტორის ა. რუბინშტეინის რჩევით კომპოზიციის კლასში გადავიდა ნ. რიმსკი-კორსაკოვთან. რუსეთში იგი 28 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, პროპაგანდას უწევდა ქართ. მუს. ხელოვნებას, მართავდა ქართ. მუსიკის საღამოებს, გამოდიოდა როგორც ლოტბარი და მომღერალი. აქ დაწერა ოპერა „თამარ ცბიერის“ (ა. წერეთლის „თამარ ცბიერის“ მიხედვით, ლიბრეტო ვ. ველიჩკოსი) პირველი აქტი და მესამე აქტის ცალკეული ნაწილები, რ-ებიც პირველად 1897 წ. 20 დეკ. რუსი მსახიობების მონაწილეობით შესრულდა პეტერბ. კეთილშობილთა საკრებულოს დარბაზში. საქართველოს გარეთ, რუსეთში დადგმულმა პირველმა ქართ. ოპერამ დიდი მოწონება დაიმსახურა (განმეორებით შესრულდა 1912 იქვე). 1906 პეტერბურგში ბ-მ მონაწილეობა მიიღო ა. რუბინშტეინის ოპერა „დემონის“ ქართ. ენაზე დადგმაში. 1907 დააფინანსა მ. გლინკას წერილების გამოცემა (სანქტ-პეტერბურგი, 1908, 250 წერილი). 1917 იგი საქართველოში დაბრუნდა და ფართოდ გაშალა მუს.-საზ. მოღვაწეობა. 1918 ქუთაისში დააარსა მუს. სასწავლებელი, რ-იც დღეს მის სახელს ატარებს. აქტიურად მონაწილეობდა თბილ. კონსერვ. რეორგანიზაციაში; იყო „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება“|„ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ საპატიო თავ-რე. „საქართველოს სამუსიკო საზოგადოება“|„საქართველოს სამუსიკო საზოგადოების“ გამგეობის თავ-რე, მონაწილეობდა ხალხ. სიმღერის გუნდების დაარსებაში; ხელმძღვანელობდა ხალხ. მუსიკის შემკრებ და შემსწავლელ კომისიას; მეთაურობდა სახ. განათლების სამუსიკო განყ-ბას; 1929–31 იყო ბათ., ხოლო 1935 – ქუთ. მუს. სასწავლებლის დირექტორი. 1926 წ. 6 აპრილს თბილ. ოპერის თეატრში დაიდგა ბ-ის „თამარ ცბიერი“ (ლიბრეტო კ. ფოცხვერაშვილისა), პატრ. სულისკვეთებით, ლირიზმით გამსჭვალული ნაწარმოები. 1937 ეს ოპერა „დარეჯან ცბიერის“ სახელწოდებით მოსკოვში ქართ. ხელოვნ. დეკადაზე შესრულდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა. ბ-ის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია კანტატა „დიდება ზაჰესს“ (1927), „სტუდენტების სიმღერა“ ქალ-ვაჟთა გუნდისათვის და „ქართული ეროვნული მარში“ სიმფ. ორკესტრისათვის.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში.
ლიტ.: დ ო ნ ა ძ ე ლ., ჩ ი ჯ ა ვ ა ძ ე ო., ჩ ხ ი კ ვ ა ძ ე გ., ქართული მუსიკის ისტორია, წგ. 1, თბ., 1990; ჩ ხ ი კ ვ ა ძ ე გ., საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორები, თბ., 1956; ხ უ ჭ უ ა პ., მელიტონ ბალანჩივაძე, თბ., 1961; Д он а д з е В., Музыкальное наследие Грузии, კრ.: Грузинская музыкальная культура, М., 1957; Х у ч у а П. В., Мелитон Баланчивадзе, Тб., 1964.
ა. წულუკიძე