დიპლომატიკა

დიპლომატიკა, დიპლომიდან; ფრანგ. diplôme<ბერძნ. diplôma – ორად მოკეცილი საბუთი), დამხმარე საისტორიო დისციპლინა, წყაროთმცოდნეობის ნაწილი, რ-იც იკვლევს საბუთების (აქტების) ფორმასა და შინაარსს.

დ-თან დაკავშირებულია არქივთმცოდნეობითი დისციპლინები და ისტ. სხვა დამხმარე დისციპლინებში გამოყოფილი განხრები (საბუთების პალეოგრაფია, სფრაგისტიკა, ქრონოლოგია და სხვ.). დ. კვლევისათვის იყენებს აგრეთვე ისტ. ენათმეცნიერებას, ისტ. გეოგრაფიას, ონომასტიკას, მეტროლოგიას, გენეალოგიას, ნუმიზმატიკას და სხვ.

ქართ. პრაქტიკული დ. შუა საუკუნეებში წარმოიქმნა. როგორც ჩანს, უკვე XII ს-ში საქართველოში არსებობდა სახელმძღვანელოები, რ-თა მიხედვითაც ადგენდნენ საბუთებს (XVII–XVIII სს-ში მათ სამდივნო წიგნებს უწოდებდნენ). კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის (1476–1511) ერთ-ერთი სიგელის ცნობით, ამ დროს საქართველოში არსებობდა ნატყუარი საბუთები და სათანადი პირებს სცოდნიათ კიდეც მათი გამოცნობა: „ჭავჭავაძესა ფრიდონს ზეკნელისძისა პროკოპისათვის ნატყუარი სიგელი დაეწერინა და რაგვარცა ტყუილი იყო, აგრე გავაცუდეთ".

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში მითითებულია, თუ როგორ უნდა შემოწმდეს საბუთის ნამდვილობა, ხოლო 1782 სასამართლოს გადაწყვეტილების წიგნი გვამცნობს, რომ დავის განხილვის დროს მოსამართლეები ამოწმებდნენ წარმოდგენილი საბუთების ნამდვილობას. XVI–XVIII სს. ქართ. სამეფო სიგელ-გუჯართა („მეფეთა წერილთა") ზოგადი დახასიათება მოგვცა ვახუშტი ბატონიშვილმა ნაშრომში: „აღწერა სამეფოსა საქართველოსა".

ეს იყო საქართველოში მეცნ. დ-ის შექმნის პირველი ცდა. XIX ს. II ნახევარში და XX ს. დასაწყისში ქართ. საბუთების კრებულთა გამოცემამ (დ. ფურცელაძის, ა. ხახანაშვილის, დ. ბაქრაძის, თ. ჟორდანიას, ე. თაყაიშვილის, ს.კაკაბაძის მიერ) ნიადაგი მოუმზადა ძვ. ქართ. საბუთების კვლევას და ქართ. მეცნ. დ-ის განვითარებას. ქართ. მეცნ. დ-ს საფუძველი ჩაუყარა ივ. ჯავახიშვილის ნაშრომმა: „ქართული სიგელთამცოდნეობა, ანუ დიპლომატიკა" (1926), სადაც მოცემულია ქართ. და უცხ. (ბიზანტ., სპარს., სომხ., ფრანგული, იტალ., გერმ.) დ-ის ზოგადი მიმოხილვა, ძვ. ქართ. საბუთებიდან კი უმთავრესად გამოკვლეულია ერთიანი საქართვ. მეფეთა სიგელები.

ნ. ბერძენიშვილმა შეისწავლა რამდენიმე ძვ. ქართ. დიპლომატიკური ტერმინი („სიგელი", „დაწერილი", „წიგნი") და ეპიგრაფიკული საბუთების ერთი სახე – „ხელი". XVI–XVIII სს. დას. საქართვ. საბუთების აგებულება შეისწავლა კ. გრიგოლიამ. ქართვ. მკვლევრებმა ნაწილობრივ შეავსეს და გააღრმავეს ივ. ჯავახიშვილის მიერ დაწყებული კვლევა, შეისწავლეს ძვ. ქართ. დ-ის ტერმინოლოგია.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., მიწათმფლობელობის ფორმებისათვის ფეოდალურ საქართველოში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966; გ რ ი გ ო ლ ი ა  კ., იმერული სიგელების შედგენილობის საკითხისათვის XVI–XVIII საუკუნეებში, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე », 1940, ტ. 10 В; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ. 3, ნაკვ. 2 – ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, თბ., 1996 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 9).

ნ. შოშიაშვილი