ბანას საეპისკოპოსო

ბანას საეპისკოპოსო, ფეოდალური ხანის საეპისკოპოსო სამხრ.-დას. საქართველოში, ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე. საეპისკოპოსოს ცენტრი იყო ბანა. ბ. ს. დააარსა ქართველთ მეფე ადარნასე II-მ (888–923) და პირველ ეპისკოპოსად დასვა კვირიკე.

ბ. ს-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შუა საუკ. საქართვ. პოლიტ. და კულტ. ცხოვრებაში. მისი ტერიტორია მოიცავდა აღმოსავლეთ (ამიერ) ტაოს: ბანას, ტაოსკარს, ფანასკერტს, ოლთისს, მამროვანს (ნამროვანს). ბ. ს. და მთლიანად ტაო საქართველოს მეფეთა მამული იყო. აქვე იყო მათი ერთ-ერთი რეზიდენცია და საძვალეც. უკანასკნელად 1446 ბანის ტაძარში დაიმარხა მეფე ვახტანგ IV, ხოლო ერთი წლით ადრე მისი მეუღლე – ფანასკერტელის ასული სითიხათუნ. ბ. ს. საქართვ. სახელმწ. საზღვარზე მდებარეობდა, ამის გამო იგი ხშირად იყო სამხრ-იდან შემოსეული მტრის პირველი დარტყმის ობიექტი. XI–XII სს-ში ქართველთა ჯარმა არაერთხელ დაიბრუნა ბიზანტიელთა თუ თურქთაგან მიტაცებული ბანა. XIII ს. II ნახევარში თურქმანთა დიდმა ჯარმა ბანას ალყა შემოარტყა, მაგრამ ქართველებმა მტერი გაანადგურეს.

1555 ირან-ოსმ. (ამასიის) ზავის თანახმად სამხრ. საქართველოს მთელი დას. ნაწილი ოსმალეთმა მიიტაცა – მ. შ. ბ. ს-ს ტერიტორიაც. შემდგომში საეპისკოპოსო გაუქმდა. ბანელ მოღვაწეთაგან აღსანიშნავი არიან ზაქარია ბანელი (X–XI სს.), რ-იც ბიზანტიის იმპერატორის კარზე ჯერ დიპლომატად იყო, შემდეგ კი – მწიგნობრად, და იოანე ბანელი (XI ს.), რ-იც გადაუდგა ბაგრატ IV-ს და ბიზანტიაში წავიდა.

ლიტ.: თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი  ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წ., პარიზი, 1938.

ბ. ლომინაძე