ბანძელაძე ალექსანდრე მათეს ძე

ბანძელაძე ალექსანდრე მათეს ძე (27. II. 1927, ქ. ტულუნი, ირკუტსკის ოლქი, – 13. VI. 1992, თბილისი), ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1965).

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1963). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1949-იდან. შექმნილი აქვს ფერწერული პორტრეტები, გრაფ. ნაწარმოებები. ძირითადი ნამუშევრები: გ. ტაბიძის (1951), დ. ჭიჭინაძის (1952), ნ. ჩიქოვანის (1957) პორტრეტები; ილუსტრაციები წიგნებისათვის: რ. კიპლინგის „მაუგლი“ (104 ილუსტრაცია, 1960), „არსენას ლექსი“ (1957 მიიღო სსრკ სამხატვრო აკად. ვერცხლის მედალი; I გამოცემა – 1965; წიგნის გაფორმების კალიგრაფიული, გრაფ. და ილუსტრაციული გადაწყვეტისათვის 1966 მიიღო პრიზი ბრნოს საერთაშ. ბიენალეზე, ხოლო 1968 – მსოფლიოს საუკეთესო წიგნის გამოფენაზე ლაიფციგში), ლეონგფელოს „ჰაიავათას სიმღერა“ (1974, საქართვ. ლიტ. მუზეუმი, თბილისი).

ბ. ავტორია აბსტრ. ფერწერული კომპოზიციებისა: „მისი უდიდებულესობის გამოსვლა“, „თეთრი ლაქა“ (ორივე 1987, მხატვრის კუთვნილება).

მონაწილეობდა ქართვ. აბსტრაქციონისტ მხატვართა ჯგუფურ გამოფენაში მოსკოვსა და თბილისში (1987).

ბ-ის კედლის მხატვრობის ნიმუშებიდან აღსანიშნავია: „ჩვენი სოფელი“ (უნივერსამი, თბილისი, 1976), „არგონავტები“ (გულრიფში, 1977), „საქართველოს სამოთხე“ (საქართვ. საპატრიარქო, თბილისი, 1978–79). ბ-მ მოხატა თბილ. დიდუბის ეკლესია (1979–88).

საქართვ. სახელმწ. პრემია (1993, სიკვდილის შემდეგ).