ბარათაშვილი მარიკა გერვასის ასული

მ. ბარათაშვილი

ბარათაშვილი მარიკა (მარიამ) გერვასის ასული [7. IV. 1908, ჭიათურა, – 30. XII. 2008, თბილისი], პოეტი, დრამატურგი, საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967). დაამთავრა თსუ-ის დაუსწრებელი პედ. სექტორის ფილოლ. ფაკ-ტი (1945).

1965–91 ჟურნ. „საქართველოს ქალის“ რედაქტორი იყო. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1936, პირველი კრებ. – 1945 მისი პოეტური შემოქმედება შესულია კრებულებში: „ლექსები“ (1948), „საპოვნელა“ (1958), „დღე დღევანდელი“ (1969), „მე და ის“ (1975), „ლექსები“ (1982), „ფიქრები, გზა და ყაყაჩოები“ (1986). ცალკე აღსანიშნავია ბ-ის ომისა და მშვიდობისადმი მიძღვნილი პატრ. და მაღალი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული ლექსები „მომიხვალ, მჯერა“ (1943), „შენ ოციოდე გაზაფხული იკმარე მხოლოდ“ (1945), „საგაზაფხულო ბარათი მსოფლიოს ქალებს“ (1956), „ქალი ლეგენდა“ (1976) და სხვ.

ქართ. დრამატურგიის მნიშვნ. შენაძენი გახდა ლირ. პიესა „მარინე“ (1950, კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრი), რ-იც განსაკუთრებით გახმაურდა ეკრანიზაციის შემდეგ („ჭრიჭინა“, 1954, რეჟ. ს. დოლიძე), ითარგმნა მრავალ ენაზე, დაიდგა ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის თეატრების სცენაზე. ქართ. თეატრის რეპერტუარი გაამდიდრა ბ-ის პიესებმა „ჩემი ყვავილეთი“ (1960, დაიდგა კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრში, ს. შაუმიანის სახ. თეატრში), „სართულები“ (1969). „ფრთხილად, სასიკვდილოა!“ (1975), „ასეთი ხასიათი“ (1978), „ცეკვა-სიმღერის მასწავლებელი“ (1980).

ბ-ს ეკუთვნის აგრეთვე ნარკვევები და პუბლიც. წერილები, საბავშვო ლექსები („საქმის კაცი“, 1960 და სხვ.). მისი ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

საქართვ. რესპ. მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი (1990). საქ. სსრ IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; ყოფ. სსრკ და საქართვ. ქალთა კომიტეტების, ქალთა რესპ. საბჭოსა და მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი; მონაწილეობდა მსოფლიოს ქალთა საერთაშ. კონგრესის მუშაობაში ქ. ჰელსინკიში (1969).

მიღებული აქვს სახელმწ., აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიები, ღირსების ორდენი.

თხზ.: პიესები, თბ., 1982.