ბარათაშვილი სულხან გერმანოზის ძე

ბარათაშვილი (ბარათოვი) სულხან გერმანოზის ძე [17 (29). IX. 1821, თბილისი, – 13 (25). VIII. 1866, სოხუმი], ისტორიკოსი.

დაიბადა ოფიცრის ოჯახში. სწავლობდა პეტერბ. კადეტთა კორპუსში. საფუძვლიანად შეისწავლა ევრ. ენები და ისტ. ლიტ-რა. 1840 დაუახლოვდა მ. ბროსეს. პეტერბურგიდან დაბრუნების (1841) შემდეგ გაზ. „კავკაზში“ გამოაქვეყნა წერილები საქართვ. ისტორიაზე. 1865–71 პეტერბურგში 5 წიგნად დაიბეჭდა მისი „საქართველოს ისტორია“ უძველესი დროიდან XIII ს-მდე. საქართვ. წარსული აქ განხილულია მსოფლიო ისტორიის ფონზე. ავტორი იზიარებდა თვალსაზრისს ისტ. პროცესზე გეოგრაფიული გარემოს განმსაზღვრელი გავლენის შესახებ. განიცდიდა ინგლ. ისტორიკოსის ჰ. ბოკლის შეხედულებების გავლენას. უმთავრეს ყურადღებას უთმობდა პოლიტ. მოვლენების გადმოცემას, მაგრამ არც ქვეყნის შინაგანი ისტორიის სხვა საკითხებს ტოვებდა უყურადღებოდ.

თხზ.: История Грузии, тетр. 1–5, СПб., 1865–71; Краткое обозрение главнейших причин падения Грузинского царства, «Кавказ», 1848, № 10.

ლიტ.: ბარამიძე ა., ისტორიკოსი სულხან ბარათაშვილი, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1971, № 4; Натадзе Г., Сулхан Баратов как историк Грузии, Тфл., 1934.

შ. ხანთაძე