ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, მუდმივმოქმედი პროფესიული ქართული თეატრი.
გაიხსნა 1981 წ. 8 დეკემბერს მ. ხეთაგურის სპექტაკლით „ხეტიალა’’ (რეჟ. გ. სარჩიმელიძე). 1936-იდან ბათუმში გ. კოსტავას ხელმძღვანელობით იმართებოდა თოჯინური წარმოდგენები (ტიკინების თეატრის სახელწოდებით), მანამდე კი ქალაქში არსებობდა თოჯინური თეატრის მოყვარულთა წრე, რ-მაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თეატრის შემდეგი ეტაპების განვითარებაში.
1936 წ. 20 ივლისს გაიმართა სპექტაკლ „კაკოს ოინების“ პრემიერა (რეჟ. გ. კოსტავა). თეატრს მიენიჭა სახელმწ. თეატრის სტატუსი. დირექტორად დაინიშნა კ. დოღონაძე. მიუხედავად საინტერესო რეპერტუარისა, თეატრი დახურეს (1938). 1940 თეატრმა მუშაობა მცირე ხნით ისევ განაახლა, ხოლო 50-იან წლებში მხოლოდ ხუთი წლით იარსება. მისი ხელმძღვანელი თავდაპირველად იყო კ. დოღონაძე, შემდეგ — ს. ცაგარეიშვილი. სეზონის განმავლობაში იმართებოდა სამი-ოთხი პრემიერა.
1958 თეატრი მორიგი საპრემიერო ჩვენებისათვის ემზადებოდა, თუმცა სპექტაკლის (უ. ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ ალან“) ჩაბარების შემდეგ, რ-საც ქალაქის ხელმძღვანელობა ესწრებოდა, თეატრმა მუშაობა შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ 1953–58 თეატრი დოტაციის გარეშე მუშაობდა.
80-იან წლებში თეატრის ისტორიაში დაიწყო ახალი ეტაპი, რ-იც გ. სარჩიმელიძის სახელს უკავშირდება. მან ახალი სამსახიობო და სარეჟისორო ძალებით შეავსო დასი. იმავე წელს, საქართვ. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თოჯინების თეატრი გაფართოვდა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფუნქციაც დაემატა. დასის მთავარ რეჟისორად ე. თავართქილაძე დაინიშნა. პირველი სპექტაკლი იყო გ. ნახუცრიშვილის „შაჰარაზადას ათას ერთი ღამე“.
ბ. თ. და მ. მ. პ. ს. თ-ის შენობა ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური არქიტექტ. ძეგლია საქართველოში. მინიჭებული აქვს კულტ. მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. დიდი ინტერესის მიუხედავად, დღემდე დაუდგენელია შენობის არქიტექტორის ვინაობა და მისი აგების კონკრეტული თარიღი. 1924-იდან შენობა გადაეცა აჭარის მასწავლებელთა სახლს, ხოლო 2011-იდან — თეატრს.
რეპერტუარშია როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე დრამატურგთა პიესები.: ვ. ორლოვის „ოქროს წიწილა’’, მ. აბრამიშვილის „ნიშხა, ნიშხა! ბარბალუკა!’’, ა. ღლონტის „თოვლის დედოფალი’’, ვ. პოპესკუს „მზის სხივი’’ და „ცისფერი ზღარბი’’, შ. პეროს „წითელქუდა’’, ა. დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული’’, ა. კოსტინსკის „სიურპრიზი’’, ტ. ხავთასის „თხუპნია’’, ო. უაილდის „ვარსკვლავბიჭუნა’’, ა. სამსონიას „ჩემი მეგობარი დელფინი’’, მ. სუპონინის „ბუტია’’, ე. ჩეპოვეცკის „ცირკის ხუმარა და წრუწუნა მიციკი’’ და სხვ.
სხვადასხვა დროს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები იყვნენ: გ. სარჩიმელიძე (საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე), რ. გელაძე, თ. ბოლქვაძე, ე. თავართქილაძე, ზ. ცინცაძე. 2017-იდან, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია გ. ჩხაიძე, დირექტორი — თ. მახარაძე.
თეატრში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ მხატვრები: ნ. ნიჟარაძე, ა. ფილიპოვი, ბ. კალანდაძე, კ. ხოფერია, შ. ჭავჭავაძე, გ. ჭელიძე, მ. ფრანგიშვილი, გ. გოგიტიძე, მ. დარცმელიძე, მ. გურგენიძე; მუსიკალურ ნაწილს ხელმძღვანელობდნენ: ს. ბარდანაშვილი, ა. ოჩიგავა, თ. შამილაძე, მ. ხითარიშვილი.
თეატრი მართავს გასტროლებს საზღვარგარეთ, ასევე მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშ. ფესტივალებში. 2018-იდან თეატრში ხორციელდება ქართულ-უკრაინული საბავშვო ფესტივალი – „ოქროს მანდარინი“.
ბ. თ. და მ. მ. პ. ს. თ-ის დასი (2021 წ. მონაცემებით) წარმოდგენილია შემდეგი სახით: მ. გოგიტიძე, ქ. სამხარაძე, გ. თოდრია, ი. მგელაძე, ნ. დავითაშვილი, ს. ცინცაძე, ე. გვარამია, მ. დიასამიძე, ი. ღლონტი, ს. დოლიძე, ს. ცაგურია, მ. ნაკაშიძე, კ. ფაცურია, ა. გაბაიძე, მ. ჩოხარაძე, ვ. მაღლაკელიძე, გ. გელაძე, ლ. მიდილიში, რ. ხოფერია, ა. ჩაგუნავა, თ. ტუღუში, მ. ბულეიშვილი, ქ. ეგუტიძე, მ. მანჯგალაძე.
შ. ცუცქირიძე