ბათუმის მუშათა გაფიცვა და დემონსტრაცია 1902

ბათუმის მუშათა გაფიცვა და დემონსტრაცია 1902, მუშათა გამოსვლა თებერვალ-მარტში. მანთაშევის, როტშილდის, სიდერიდისის ქარხნებში გამოცხადებული გაფიცვისა და იქ 40 მუშის დაპატიმრების შემდეგ, 8 მარტს, რსდმპ ბათ. ჯგუფმა მოაწყო მუშების მასობრივი დემონსტრაცია. 800-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა პოლიციის სამმართველოსთან და მოითხოვა დაპატიმრებული ამხანაგების განთავისუფლება. ამ მოთხოვნის პასუხად პოლიციამ 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრა და ადრე დატუსაღებულ მუშებთან ერთად ჩასვა ე. წ. საეტაპო ყაზარმებში.

მეორე დღეს ბათუმში მოეწყო პოლიტ. დემონსტრაცია. მასში მონაწილეობდა 6 ათ-მდე მუშა. დემონსტრანტებმა მოითხოვეს დაპატიმრებული მუშების განთავისუფლება. ადგილ. ხელისუფლებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ჯარი. მოკლულ იქნა 15, დაიჭრა 50 მუშა. დემონსტრაციის 500-მდე მონაწილე დააპატიმრეს, ბევრი მათგანი გაასახლეს დას. საქართველოში, მეტწილად ოზურგეთის მაზრის სოფლებში. 21 მუშა მისცეს სასამართლო პასუხისგებაში. რსდმპ ბათ. ჯგუფმა ცნობილი ადვოკატების მოწვევით უზრუნველყო მუშათა დაცვა, რის გამოც თითქმის ყველა მუშა გაამართლეს. 9 მარტის დემონსტრაციამ მძლავრი გამოძახილი გამოიწვია და მოიპოვა პოლიტ. მნიშვნელობა.

მ. ჯიჯეიშვილი