ბათუმის საზღვაო ნავსადგური, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს საერთაშორისო მნიშვნელობის საბაზო ნავსადგური.
შეიქმნა 1878 წ. 27 ნოემბ. (9 დეკ. ახ. სტ.), მანამდე ბათუმის ზღვის უბეზე არავითარი ჰიდროტექ. ნაგებობა არ არსებობდა. შემოდიოდა მხოლოდ მცირე წყალწყვის გემები. უმნიშვნელო იყო მისი ტვირთბრუნვაც – წლის განმავლობაში დაახლ. 16 ათ. ტ.
ბათუმის ნავსადგურის მნიშვნელობის ზრდას განსაკუთრებით ხელი შეუწყო 1883 სამტრედია–ბათუმის რკინიგზისა და 1897–1907 ბაქო – ბათუმის ნავთობსადენის აგებამ. ამან განაპირობა ისიც, რომ 1884–87 ბათუმის ნავსადგურში აშენდა დამცავი ზღუდე, ნაგებობა ნავთობის გადამტვირთავი მოწყობილობებისათვის და ხუთი მისადგომი ნავთობის ტანკერებისათვის. 1902–04 დაემატა მშრალი ტვირთის გემების ექვსი ნავმისადგომი. 1900 ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის დასრულების შემდეგ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის წილმა მსოფლიოში ნავთობის ტვირთბრუნვაში 26%-ს მიაღწია. ბათუმის პორტეში განხორციელდა მსოფლიოში პირველი ინგლ. ტანკერის „მიურექსის“ ნავთობით შევსება და პირველი კომერციული სატანკერო გადაზიდვა.
1902 ბათუმში ფუნქციონირებდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 22 საექსპორტო კომპანია, მ. შ. ძირითადი იყო კასპიისა და შავი ზღვის ნავთობსამრეწველო საზოგადოება „როტშილდი“ (საფრანგეთი); „ძმები ნობელების ამხანაგობა“ (ინგლისი); რუს. ფირმა „მანთაშევი“.
I მსოფლიო ომისა (1914–18) და შემდგომ პერიოდში ბათუმის ნავსადგურის მეურნეობა მოიშალა. 1914–22 ნავსადგურში არ ჩატარებულა არავითარი სამშენებლო ან სარემონტო სამუშაო.
1921 მოხდა ბათუმის ნავსადგურის ნაციონალიზაცია, ბათუმის ფოთის, სოხუმის, გაგრის ნავსადგურები გაერთიანდა საქართვ. სანაოსნოს სახელმწ. მთავარ სამმართველოში, რ-იც ემორჩილებოდა საქართვ. სახ. კომისარიატს.
1921 ნავსადგურმა გადატვირთა 100 ათ. ტ ტვირთი, 1922 – 160 ათ. ტ, 1923 კი – 350 ათ. ტ. საზღვარგარეთიდან უმთავრესად შემოჰქონდათ შაქარი, ფქვილი, თამბაქო, მანუფაქტურა, ქიმიის ნაწარმი; გაჰქონდათ ნავთობი და ნავთობპროდუქტები. 1924 ერთი 100-ტონიანი მცურავი ამწე, ბარჟა და ორი 8-ტონიანი ორთქლის პორტალური ამწე – ეს იყო ბათუმის ნავსადგურის პირველი ტექ. აღჭურვილობა.
1925 ბათუმიდან დაიწყო ნავთობპროდუქტების საცდელი გადაზიდვა საბჭ. ვაჭრობის ფლოტის გემებით – „დეკაბრისტითა“ და „ტრანსბალტით“. 1926 ბათუმში 13 სახელმწიფოს 590 გემი შემოვიდა.
ნავთობპროდუქტების ექსპორტი იზრდებოდა – 1924 საზღვარგარეთ გატანილ იქნა 600 ათ. ტ, ხოლო 1927 – 1,5 მლნ. ტ. აუცილებელი გახდა ნავსადგურის რეკონსტრუქცია. 1929 – 32 ბათუმის ნავსადგურისათვის გამოიყო 7 მლნ. მან. კაპიტალდაბანდება. ახ. ტექნიკით აღჭურვამ კიდევ უფრო გაზარდა ნავსადგურის როლი. 1933 ბათუმიდან გადიოდა სსრკ ნავთობის ექსპორტის 33%. 1932 ნავსადგურის ტვირთბრუნვა შეადგენდა 46 მლნ. ტ, მ. შ. ნავთობპროდუქტებისა – 34 მლნ. ტ (ანუ 93%). 1940 ბათუმის ნავსადგურის საერთო ეკონ. ტვირთბრუნვა 3,8 მლნ. ტ იყო (ნავთობპროდუქტებზე 96% მოდიოდა).
1967 საქართვ. საზღვაო სანაოსნოს ცენტრი თბილისიდან ბათუმში გადავიდა. განახლდა ნავსადგურის მატერ.-ტექ. ბაზა, დაინერგა დატვირთვა-გადმოტვირთვის ახ. მოწინავე ტექნოლოგია. აშენდა საზღვაო ვაგზლის ახ. თანამედროვე შენობა. 1971–75 ნავსადგური გაძლიერდა „ჰარტმანის“ ტიპის უნიკალური პნევმოგადამტვირთველით, რ-იც საათში გემების ტრიუმებიდან 150 ტ ტვირთს ცლიდა, აგრეთვე „ნოეირო“ და „ვაკ-უ-ვატორის“ ტიპის პნევმ. მანქანებითა და სხვ., ამჟამად ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაცია თითქმის მთლიანად მექანიზებულია.
2000 შეიქმნა შპს „ბ. ს. ნ.“ მისი საქმიანობის ძირითადი პრიოტიტეტებია მშრალი ტვირთების, ნავთობისა და ნავთოპროდუქტების გადამუშავება, აგრეთვე სანავსადგურო მომსახურება. ტერმინალის საერთო ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 85 ჰა-ს, გამტარუნარიანობა წელიწადში 45 მლნ. ტ-ს აღემატება. მას ემსახურება ოთხი ნავმისადგომი, რ-თაც შეუძლიათ 16-იდან 140 ათას ტ-მდე დედვეითის მქონე გემების მიღება. ბ.ს. ნ. საკონტეინერო მომსახურებას ეწევა სამი ტერმინალისა და საბორნე გადასასვლელის მეშვეობით. საკონტეინერო გამტარუნარობა 200 000 TEV (20 ფუტის ეკვივალენტის სატვირთო ტრანსპორტის მოცულობის პირ. საზომი ერთეული) წელიწადში. ბორანი კურსირებს ვარნასა და ილიჩევსკს შორის. საკონტეინერო წლიური გამტარუნარიანობა 700 000 ტ-მდე შეადგენს. მშრალი ტვირთების გადაზიდვას ემსახურება სამი ნავსადგური და ტერმინალის გამტარუნარიანობა. 2 მლნ. ტ-მდეა წელიწადში. ბათუმის ნავთობტერმინალს ტერიტორიაზე ასევე განლაგებულია საქართველოში ერთადერთი ტერმინალი, რ-იც განკუთვნილია აზირბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან თხევადი აირის შენახვის, გადატვირთვისა და ექსპორტისათვის სარეზერვუარო პარკის მოცულობა შეადგენს 50 00 მ³. ტერმინალის სარკინიგზო ესტაკადა უზრუნველყოფს ერთდროულად 14 ვაგონ-ცისტერნიის დაცლას. ბათუმის ნავთობტერმინალზე მოქმედებს 7 ნავთობ ჩამოსასხმელი სარკინიგზო ესტაკადა, რ-თა მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად 24 ვაგონ-ცისტერნის ან დღე-ღამეში 482-ზე მეტი ვაგონ-ცისტერნის დაცლა. ნავსადგურში ორი ნავმისადგომი ემსახურება სამგზავრო გემებს. ტერმინალის გამტარიანობა წელიწადში 180 000 მგზავრია.
2008 წ. თებერვალში შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ექსკლუზიური მართვის უფლებით 49 წლით შეიძინა სააქციო საზ-ბა „ყაზტრანსოილმა“, რ-იც წარმოადგენს სააქციო საზ-ბა „ყაზმშნაიგაზის“ შვილობილ კომპანიას.
მ. ჯიბუტი