ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ილია ჭავჭავაძის სახელობისა, ქართული დრამატული თეატრი, საფუძველი ჩაეყარა 1879, როდესაც აქ 8 (20) ივლისს ადგილ. სცენისმოყვარეთა პირველი ქართ. წარმოდგენა (ზ. ანტონოვი, „განა ბიძამ ცოლი შეირთო?“) გაიმართა.
წარმოდგენის ორგანიზატორი იყო ქ. ჟურული. მისივე თაოსნობით შეიქმნა ბათუმის პირველი სცენისმოყვარეთა მუდმივი წრე (1882). დგამდნენ გ. ერისთავის, ზ. ანტონოვის, ა. ცაგარლისა და სხვათა პიესებს. თეატრისათვის პირველი შენობა 450-მდე მაყურებელისათვის 1884 ააგეს, შემდეგში დასი გადავიდა ე.წ. „რკინის თეატრში“. XIX ს. 90-იანი წლების დამდეგს სცენისმოყვარეთა მუდმივ დასს ხელმძღვანელობდა ბათუმში სამხედრო სამსახურში მყოფი დ. კლდიაშვილი. წარმოდგენები იმართებოდა საქველმოქმედო მიზნით „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, ქართული წიგნთსაცავისა და ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ. გასტროლებზე ჩამოდიოდნენ თბილ. და ქუთ. პროფ. თეატრები. 1905–07 ბათუმში სპექტაკლებს მართავდა ქუთ. თეატრი ლ. მესხიშვილის ხელმძღვანელობით.
1912 წ. 28 აგვისტოს მსახიობთა კრებამ დააფუძნა მსახიობთა ამხანაგობა. რეჟისორად აირჩიეს შ. დადიანი. მისი ხელმძღვანელობით „მოგზაურთა დასმა“ პირველი წარმოდგენა გამართა 15 სექტემბერს ბათუმში შმაევსკის თეატრში. ასე ჩაეყარა საძირკველი მესამე პროფესიულ თეატრს საქართველოში. 1913 ბათუმში დაარსდა დრამ. საზ-ბა, რ-საც თავმჯდომარეობდა ი. მესხი. დრამ. საზ-ბის გამგეობამ შეადგინა პროფესიონალთა დასი (რეჟ. შ. დადიანი), რ-ის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მსახიობები.
1921 შეიქმნა პროფ. თეატრ. დასი ვ. ურუშაძის ხელმძღვანელობით. იმავე წელს მოხდა თეატრების ნაციონალიზაცია: ყოფილი შმაევსკის თეატრი ბათუმის ქართ. თეატრალურ დასს გადაეცა და აკადემიური სტატუსი მიიღო. თეატრის პირველი სპექტაკლი იყო ო. მირბოს „ჟანი და მადლენი’’ (1921). ამ წლების საუკეთესო დადგმებია ნ. შიუკაშვილის „ამერიკელი ძია“, ს. ტრეტიაკოვის „იღრიალე, ჩინეთო“, ბ. ლავრენიოვის „რღვევა“ და სხვ. სპექტაკლები გამოირჩეოდა ნათელი რეჟისორული კონცეფციით, მხატვრული გაფორმებითა და ანსამბლურობით. 1912–36 ბათუმის თეატრს ხელმძღვანელობდნენ: შ. დადიანი, ვ. შალიკაშვილი, კ. ანდრონიკაშვილი, ვ. ურუშაძე, ა.ჯაყელი, ა. იმედაშვილი, მ. ქორელი, ნ. გამრეკელ-თორელი, ა. ფაღავა, გ. ღვინიაშვილი, შ. ინასარიძე და სხვ. დასის წევრები იყვნენ მსახიობები: ე. ანდრონიკაშვილი, ვ. ანჯაფარიძე, გ. არადელი-იშხნელი, მ. გელოვანი, მ. მდივანი, მ. ჭიაურელი, ა. ვასაძე, შ. ღამბაშიძე, ე. მესხი და სხვ.
1928 კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისში გაიხსნა მეორე სახელმწ. თეატრი, რ-საც „ქუთაის-ბათუმის თეატრი“ ეწოდა. თბილისში გადასვლამდე (1928–1930) თეატრი წარმოდგენებს მართავდა ქუთაისსა და ბათუმში.
1937 ბათუმში შეიქმნა მუდმივი პროფ. სახელმწ. დრამ. თეატრი, რ-ის ძირითად ბირთვს შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული დრამ. სტუდიის აჭარის სექციის კუსრდამთავრებული ახალგაზრდა მსახიობები (ლ. აფხაზავა, ნ. თეთრაძე, ნ. ფხაკაძე, ი. კობალაძე, ხ. მეგრელიძე, მ. ხინიკაძე და სხვ.) შეადგენდნენ. ბ. პ. ს. დ. თ-ის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა ა. ჩხარტიშვილი. პირველი სპექტაკლი იყო გ. მდივნის „ბრმა“ (1937, რეჟ. დ. ალექსიძე). იმ პერიოდის დადგმებს შორის აღსანიშნავია კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“, გ. მდივნის „ალკაზარი“ და სხვ.; დაიდგა II მსოფლიო ომის თემაზე შექმნილი პიესები: ვ. როკის „ინჟინერი სერგეევი“, კ. სიმონოვის „მელოდე“, გ. მდივნის „პარტიზანები“ და სხვ. ამ თეატრის სცენაზე დაიდგა პირველად ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ (1945). უდიდესი აღიარება მოუტანა თეატრს სოფოკლეს „ოიდიპოს მეფემ“ (რეჟისორები – ა. ჩხარტიშვილი, შ. ინასარიძე), და „ანტიგონემ“, აგრეთვე დაიდგა შექსპირის „ოტელო“, ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“, შ. დადიანის „გუშინდელნი“, ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“, ფ. ხალვაშის „ვაზის ტირილი“, ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, ი. ვაკელის „აპრაკუნე“, ვ. დარასელის „კიკვიძე“, ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, გ. ფანჯიკიძის „მეშვიდე ცა“ და სხვ.
1952 წ. 19 მარტს საზეიმოდ გაიხსნა ბ. პ. ს. დ. თ-ის ახალი შენობა (არქიტ. – ლ. ტეპლიცკი). 1959-იდან თეატრი ი. ჭავჭავაძის სახელს ატარებს. დასმა გასტროლებით მოიარა თბილისი, მოსკოვი, აგრეთვე ბულგარეთის ქ-ები – ბლაგოევგრადი, რაზლოგი და სოფია. მონაწილეობდა საერთაშ. ფესტივალებში.
ბ. პ. ს. დ. თ-ის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართ. თეატრის კლასიკოსებს – კ. მარჯანიშვილსა და ს. ახმეტელს, აგრეთვე ა. ფაღავას, კ. ანდრონიკაშვილს, ვ. ყუშიტაშვილს, ა. ჩხარტიშვილს, დ. ალექსიძეს; შემდგომში – თ. აბაშიძეს, გ. ჟორდანიას, გ. ქავთარაძეს, ე. ჩაიძეს, გ. აბესაძეს, დ. ხინიკაძეს და სხვ.; მსახიობებს: ნ. თეთრაძეს, ი. კობალაძეს, მ. ხინიკაძეს, ა. მგელაძეს, ხ. თურმანიძეს, ლ. ღლონტს, ა. ტაკიძეს, ნ. მესხიძეს, ბ. ინწკირველს; 70-იანი წლებიდან – ს. ბაზიაშვილს, ს. კუნჭულიას, ც. აბზიანიძეს, ლ. ჯიბლაძეს, ნ. იაკობაძეს და სხვ. ათეული წელი ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა რეჟ. შ. ინასარიძე. მნიშვნელოვანია თეატრის მთ. მხატვრის ა. ფილიპოვის წვლილი.
მრავალფეროვნია ბათუმის თეატრის 60–70-იანი წლების რეპერტუარი. იდგმებოდა მსოფლიო და ქართ. კლასიკური ნაწარმოებები: კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“ (რეჟ. – ი. კობალაძე), ა. ოსტროვსკის „უმზითვო“, გილიერმოს „მელია და ყურძენი“ (ორივეს რეჟ. შ. ინასარიძე), მოლიერის „ძალად ექიმი“ (რეჟ. – ე. ჩაიძე), უ. შექსპირის „მეთორმეტე ღამე“ ნ. გოგოლის „რევიზორი“ ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ და „სტუმარ-მასპინძელი“ (რეჟ. – გ. ქავთარაძე). ჰაშეკის „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი“ (რეჟ. – ე. ჩაიძე), მ. გორკის „ეგორ ბულიჩოვი“ ე. იურანდოტის „მეცხრე წმინდანი“ (რეჟ. გ. აბესაძე). დიურენმატის „ფიზიკოსები“ (რეჟ. დ. ხინიკაძე), ვაჟა-ფშაველას „მინდია“ (რეჟ. გ. ჟორდანია).
70-90-იან წლებში თეატრში მოვიდა ახალი თაობის მსახიობები: ა. ქარჩავა, კ. კობალაძე, ბ. მიქაუტაძე, ლ. აბულაძე, ნ. გოგიტაური, ჯ. ველიაძე, მ. ცეცხლაძე, ტ. კომახიძე, ე. ჩავლეიშვილი და სხვები; რეჟისორები: ზ. სიხარულიძე, მ. ლებანიძე.
80-იანი წლების II ნახ-იდან ქვეყანაში მიმდინარე სოც.-პოლიტ. ცვლილებები მძიმედ აისახა მთლიანად საქართველოს და მ. შ. ბათუმის თეატრზე. არასტაბილურმა ვითარებამ ზეგავლენა მოახდინა თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკაზე, მის ესთეტიკაზე. მიუხედავად ამისა 1982 თეატრი დაჯილდოვდა „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
1995 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა ლ. მირცხულავა, რ-მაც დადგა ჟან ანუის ,,ტოროლა“ და გ. რობაქიძის ,,ლამარა“. იმავე წლების საუკეთესო დადგმებია: ლ. ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, მ. ბულგაკოვის „სრბოლა“, ვ. კანდელაკის „აიეტი“, ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“, მ. ელიოზიშვილის „სარკე“, თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“, „ბუდე მეცხრე სართულზე“, მ. გორკის „ეგორ ბულიჩოვი“, შ. შამანაძის „ღია შუშაბანდი“, ა. გრებნევის „წარმატება“, გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ და სხვ. დასში ირიცხებოდნენ მსახიობები: საქართვ. სახ. არტისტები: ნ. კეჭაყმაძე, გ. გოგიბერიძე, ხ. მეგრელიძე, მ. შერვაშიძე, ი. ცანავა, ნ. საკანდელიძე, ფ. კობალაძე; საქართვ. დამს. არტისტები: ც. აბზიანიძე, რ. კაკაურიძე, თ. სულხანიშვილი, ა. ტაკიძე, ლ. ღლონტი, ნ. ხინიკაძე; აჭარის დამს. არტისტები: ნ. გოგიტაური, ნ. იაკობიძე, ბ. ინწკირველი, დ. მეგრელიძე, თ. მეიშვილი, ნ. მჟავანაძე, ა. ქარჩავა, ნ. ძიძიგური, მ. ხუხუნაიშვილი და სხვ.
2005-იდან თეატრის სამხატვრო კონსულტანტია რ. სტურუა, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი – გ. თავაძე, რ. სტურუას მიერ დადგმული დ. კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირი“ თეატრის განახლების საფუძვლად იქცა. განახლდა თეატრის დასიც, სადაც მოვიდნენ ახალგაზრდა მსახიობები: დ. ჯაყელი, მ. მანჯგალაძე, თ. შამილაძე, მ. კობალაძე, თ. თათარაშვილი, ჯ. კახიძე, მ. ნაკაშიძე, მ. ბურდული, ო. ქათამაძე და სხვები. განხორციელდა საინტერესო დადგმები: ლ. ბუღაძის ,,ნუგზარი და მეფისტოფელი“, ი. სამსონაძის „საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში“, და „ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით“. თეატრი გახდა ევროპის თეატრების არაფორმალური ორგანიზაციის წევრი.
2014-იდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟ. ა. ენუქიძე. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი ექსპერიმენტული სივრცე – ,,ახალი სცენა“ (2015), სადაც ყველა თაობის ქართვ. და უცხოელი რეჟისორები [ა. ენუქიძე, ზ. სიხარულიძე, ლ. შეროზია, ა. ვარსიმაშვილი, მ. ჩარკვიანი, ი. საპდარუ (რუმინეთი), თ. ისკანდერი ჰ. მოსი, დ. რალფი, ქ. ბრაუნი ნ. გაჩავა, ნ. ჩაკვეტაძე, გ. ქავთარაძე, ლ. მარიუს ზაიკაუსკასი (ლიეტუვა), ი. გლომბი (პოლონეთი), დ. მაცხონაშვილი, გ. მარგველაშვილი, ზ. სიხარულიძე, გ. შალუტაშვილი, ქ. დოლიძე, გ. სიხარულიძე, გ. გოშაძე, მ. კვირკველია] ახორციელებენ ექსპერიმენტულ დადგმებს. თეატრის რეპერტუარშია უ. შექსპირის, ნ. გოგოლის, ე. ზოლას, ს. მროჟეკის, დ. კლდიაშვილის, ვაჟა-ფშაველასა და სხვა კლასიკოსთა ნაწარმოებები.
თეატრი რეგულარულად მართავს საგასტროლო ტურნეებს როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მონაწილეობს პრესტიჟულ ფესტივალებსა და თეატრ. ფორუმებში. შემოქმედებითი წარმატებებისათვის თეატრის არაერთ შემოქმედს გადაეცა ფესტივალებისა და კონკურსების პრესტიჟული ჯილდოები.
2015–18 საერთაშ. საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ მიერ განხორციელდა თეატრის ისტ. შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. ამჟამად თეატრში ფუნქციონირებს დიდი სცენა, ექსპერიმენტული სცენა და ახალი სცენა. თეატრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკური საშუალებებით.
2019 წ. 27 მარტს, თეატრის საერთაშ. დღეს, საზეიმოდ გაიხსნა ბ.ს. დ. თ-ის შენობა პრემიერებით. – „იმედითა და მოთმინებით“ (დ. კლდიაშვილის „უბედურების“ მიხედვით) და ა. ცაგარლის „ხანუმა“ (ორივე რეჟ. ა. ენუქიძე).
2019 წ. 7–20 დეკემბერს პირველად გაიმართა „ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი“, რ-შიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს წამყვანმა არაერთმა თეატრმა, მ. შ. „ბერლინერ ანსამბლმა“, „ნო გრავითმა“ და სხვ.
2021 წ. მონაცემებით ბ. პ. ს. დ. თ-ის დასის შემადგენლობაში არიან ნ. საკანდელიძე, მ. შერვაშიძე, ნ. ხინიკაძე, ბ. ინწკირველი, ა. ქარჩავა, ლ. აბულაძე, ნ. გოგიტაური, ჯ. ველიაძე, ზ. გოგუაძე, ზ. ქავთარაძე, ნ. იაკობაძე, ზ. კიკვაძე, ზ. ზოიძე, ტ. კომახიძე, თ. შამილაძე, ო. ქათამაძე, გ. ფირცხალაშვილი, დ. ჩახუნაშვილი, გ. მეგრელიძე, ქ. ეგუტიძე, ლ. თედორაძე, ლ. კონცელიძე, მ. ცეცხლაძე, ი. ღირდალაძე, მ. მანჯგალაძე, დ. ჯაყელი, დ. წერეთელი, თ. თათარაშვილი, მ. ნაკაშიძე, ნ. კვიტაიშვილი, ნ. ძიძიგური, ა. ცეცხლაძე, ა. იაშვილი, ს. მიქავა, ა. ზურაშვილი, ნ. ძიძიგური, მ. ბურდული, ჯ. კახიძე, დ. მელია, მ. კობალაძე, კ. კობალაძე, ე. ჩავლეიშვილი.
ლიტ.: ბათუმის თეატრი, ბათ., 1957; ბ უ ხ ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი გ., ბათუმის თეატრი, თბ., 1979.