ბათუმის ციხე

ბათუმის ციხე

ბათუმის ციხე, თამარა, თამარის ციხე, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე ბათუმის გარეუბანში, მდ. ყოროლისწყლის მარცხ. ნაპირზე.

ბიზანტ. წერილობით წყაროებში მოხსენიებულია ლოსორიონის (Losorion) ან ლისირისის (Lysiris) ციხის სახელწოდებით. იგი აუგია იუსტინიანეს 542 – 562 ბიზანტ.-სპარს. ომის დროს (იხ. ეგრისის დიდი ომი 542 – 562).

შუა საუკუნეებში ბ. ც. ადგილ. მნიშვნელობის რიგითი ციხე იყო. ოსმალთა ბატონობის ხანაში აქ თურქული გარნიზონი იდგა. საქართველოს დაუბრუნდა რუს.-ოსმ. 1877 – 78 ომის შემდეგ. ბ. ც-ის თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმით მართკუთხა მოყვანილობის გალავანი და ჩრდ.-აღმ. კუთხის კოშკი. კედლები ნაგებია შერეული წყობით – თლილი ქვისა და აგურის ჰორიზ. რიგებით. არქეოლ. შესწავლის (1963–64) შედეგად დადგინდა, რომ ძვ. წ. I ათასწლეულში აქ ყოფილა ხის მორებით შემოზღუდული და თხრილით გამაგრებული ტიპური კოლხური გორასამოსახლო. ანტ. ხანაში აქაური მოსახლეობა მისდევდა თევზჭერასა და ინტენს. სოფლის მეურნეობას. არქეოლ. მასალებში გვხვდება როგორც ადგილობრივი, ისე მცირე აზიისა და ეგეოსის სამყაროს ხელოვნური ცენტრების ნაწარმი. აღმოჩენილია აგრეთვე შუა საუკ. არქეოლ. მასალა (მოჭიქული კერამიკა).

ლიტ.: ინაიშვილი ა., ბათუმის უძველესი ისტორიისათვის ახალი არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე. კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; სიხარულიძე ი., აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები, ბათ., 1962; Леквинадзе В. А., О постройках Юстиниана в Западной Грузии, «Византийский временник», 1973, т. 34.

დ. ხახუტაიშვილი