ბარამიშვილი ოლღა ივანეს ასული

ბარამიშვილი ოლღა ივანეს ასული (30. XI. 1907, თბილისი, – 13. V. 1956, იქვე), კომპოზიტორი.

1930 დაამთავრა თბილ. კონსერვ. საფორტეპიანო (პროფ. ა. თულაშვილის კლასი) და საკომპოზიციო (პროფ. ს. ბარხუდარიანის კლასი) სპეციალობით, ხოლო 1933 – ლენინგრ. კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (პროფ. ვ. შჩერბაჩოვისა და ხ. კუშნარიოვის კლასები). 1938-იდან ბ. დაბრუნდა თბილისში და შეუდგა პედ. და შემოქმედებით საქმიანობას. იყო თბილ. კონსერვატორიის დოცენტი (კითხულობდა სოლფეჯიოსა და ჰარმონიის კურსს). ამ პერიოდს განეკუთვნება მის მიერ (დ. სლიანოვა-მიზანდართან ერთად) დაწერილი სოლფეჯიოს სახელმძღვანელო, რ-იც ქართ. მუს. მასალას ეყრდნობა.

ბ-ის ძირითადი ნაწარმოებებია: სიუიტა მუსიკიდან შექსპირის ტრაგედიისათვის „რომეო და ჯულიეტა“ (1955), ვოკალურ-სიმფ. პოემა „სიმღერა ქარიშხალზე“ (1942, მ. გორკის მიხედვით), სიმფ. პოემა „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (1946, ვაჟა-ფშაველას მიხედვით), ვოკალურ-სიმფ. და რომანსების ციკლები (ა. პუშკინის ლექსების მიხედვით) და სხვ.

გ. ტორაძე