ბარამიძე იური შერმადინის ძე

ი. ბარამიძე

ბარამიძე იური შერმადინის ძე (26. IV. 1931 სოფ. ზემო სურები, ჩოხატაურის მუნიციპ-ი, – 12. XII. 2019 სოფ. თინიანთკარი, დუშეთის მუნიციპ-ი) – კინოოპერატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979).

დაამთავრა თბილ. კინომექანიკოსთა სკოლა (1952). მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გამნათებლად, ოპერატორის ასისტენტად. 1958-იდან საქართვ. სამეცნ.-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიში კინოოპერატორად. გადაიღო ფილმები: „დარტყმა ღრუბლებზე“ (რეჟ. დ. აბაშიძე, 1961), „ყანობილის ცა“ („ობსერვატორია მთებში“, რეჟ. რ. ჭიაურელი, 1962), „მწვანე ოქროს ოსტატები“ (რეჟ. შ. ხომერიკი, 1963), „ჯიხვი იცვლის ბილიკს“ (რეჟ. დ. აბაშიძე, ნ. ჟუჟუნაძე, 1964), „სპორტსმენები“ (რეჟ. შ. შონია, 1966), „ტიან-შანი“ (ავტორი-ოპერატორი, 1966), „ვარძია“ (რეჟ. ო. გურგენიძე, 1967), „კლდის ვეფხვი“ (ბ. კრეფსთან ერთად. რეჟ. ო. გურგენიძე, 1968), „ირმის ტირილი“ (რეჟ. ვ. მიქელაძე, 1969), „საქართველოს ფლორა და ფაუნა“ (რეჟ. ვ. მიქელაძე, 1970), „აბრეშუმი“ (რეჟ. გ. ჟვანია, 1971 – ლომონოსოვის სახ. პრემია, 1972), „ხუთწლედის ნაბიჯები“ (რეჟ. გ. ასათიანი, 1975), „ბასკების ქვეყანაში“ (რეჟ. გ. ასათიანი, 1976), „განთიადის შესახვედრად“ (რეჟ. გ. ასათიანი, გ. ჟვანია, 1977), „სკოლა მთაში“ (რეჟ. თ. დოლიძე, 1978) და სხვ. კინოოპერატორ გ. რეხვიაშვილთან ერთად გადაიღო რ. თაბუკაშვილის ფ-ები: „კვალი ნათელი“ (1978), „ალპური ვარსკვლავი“ (1980), „მთანი მაღალნი“ (1981), „პირველად იყო სიტყვა“, „ფურცლები ფრანგული დღიურიდან“ (ორივე – 1983), „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ (1985), „ნაძარცვის კვალდაკვალ“ (1987).

მ. კერესელიძე