ბარბარო იოსაფატ

ბარბარო (Barbaro) იოსაფატ (1413, ვენეცია, – 1494, იქვე), ვენეციელი ვაჭარი, დიპლომატი და მოგზაური. 1436–51 სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებით ცხოვრობდა ტანაისში (აზოვი), საიდანაც მოგზაურობდა კავკასიაში, ყირიმსა და სამხრ. რუსეთში. 1463–73 ვენეციის რესპ. წარმომადგენელი იყო ჯერ დალმაციაში, შემდეგ ალბანეთში. ალბანეთში სახელი გაითქვა, როგორც სკანდერბეგის თანამებრძოლმა. 1473–77 ვენეციის რესპ. ელჩი იყო აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოში და ცდილობდა უზუნ-ჰასანი ჩაება ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1477 დაბრუნდა ვენეციაში.

1475 ბ. იყო თბილისში. თავისი მოგზაურობა ბ-მ აღწერა წიგნში, რ-იც 2 ნაწილისაგან შედგება: 1. მოგზაურობა ტანაისში, სადაც გადმოცემულია პოლიტ., ეკონ. და ეთნ. ხასიათის ცნობები სხვადასხვა ქვეყანაზე, მ. შ. საქართველოზე; 2. მოგზაურობა ირანში. აქ მნიშვნელოვანია XV ს. II ნახ. საქართველოსა და აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხები, აქვს ცნობა თბილისზეც.

ბ. აღწერს უზუნ-ჰასანის ლაშქრობას საქართველოში 1477. მისი ცნობით, დამპყრობელი ამ ლაშქრობისათვის საიდუმლოდ ემზადებოდა. დაახლ. 30–35 ათასიანი ლაშქრით, რ-შიც 20–24 ათასი ცხენოსანი იყო, უზუნ-ჰასანი ერთი კვირის განმავლობაში სხვა მიმართულებით მიდიოდა, შემდეგ კი... საქართველოსკენ იბრუნა პირი. ორი დღის შემდეგ დამპყრობლები თბილისამდე მოვიდნენ. მოსახლეობა წინასწარ გაიხიზნა. უზუნ-ჰასანი თბილისს წინააღმდეგობის გაუწევლად დაეუფლა. მტრის მიერ დატყვევებულთა რიცხვი 4–5 ათასი იქნებოდა.

თხზ.: XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ. იტალიურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ე. მამისთვალიშვილმა, თბ., 1981.

ე. მამისთვალიშვილი