ბაიხო

ბაიხო, ოჟიო, წმინდა სამების ეკლესია, VI–VII სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ოჟიოდან 2,5 კმ-ზე.

ეკლესიის დას-ით მდებარეობდა სოფ. ბაიხო, რ-იც შემდეგ ერთიანად დაიცალა. ნაგებობის გეგმაში გამოყენებულია სამეკლესიიანი ბაზილიკის თემა, რ-იც აქ რამდენადმე სახეშეცვლილია. აგებულია დიდი ზომის რიყის ქვით, გამოყენებულია შირიმიც, შეკეთებულია აგურით. მთავარ ეკლესიას უჭირავს შუა და ჩრდ. ნავები. ჩრდ. ნავში, რ-იც თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება შუა ნავს, გამოყოფილია სამკვეთლო. საბჯენ თაღებზე ამოყვანილი კამარით გადახურული შუა ნავი დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით, რ-იც ეკლესიის იატაკიდან 70 სმ-ით არის შემაღლებული და ძირითადი სივრცისაგან მოგვიანო ხანის კანკელითაა გამოყოფილი. შესასვლელი ერთია – დას. მხრიდან. მეორე. პატარა ეკლესიას აფსიდით დასრულებული სამხრ. ნავი უჭირავს. იგი მთავარ ეკლესიასთან კარით არის დაკავშირებული, ამავე დროს დას-იდან დამოუკიდებელი შესასვლელიც აქვს. ბ. გარედან სადაა. მისი ერთადერთი მორთულობა საკურთხევლის სარკმლის დეკორ. თაღია.

ლიტ.: Чубинашвили Г.Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ. 2004.

შ. საღარაძე