ბაკურ III, მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, ქართლის 31-ე მეფე, ძე თრდატ მეფისა.
„ქართლის ცხოვრების“ მეფეთა სიაში გამოტოვებულია. ბ. III-ს იხსენიებენ სომეხი ისტორიკოსები კორიუნი და მოვსეს ხორენაცი. ბაკურ დიდის სახელით იხსენიებს ბიზანტ. საეკლ. ისტორიკოსი იოანე რუფინუსი (V ს.) „პეტრე იბერის ცხოვრებაში“, როგორც პეტრეს პაპას დედის მხრივ. დასახელებული წყაროების ურთიერთშეპირისპირებით, ბ. III მეფობდა ძირითადად V ს. 10-იან წლებში. ზემოხსენებული სომეხი ისტორიკოსების თანახმად, ბაკურ მეფის დროს შეიქმნა ქართული დამწერლობა, ხოლო რუფინუსის თხზულებაში ის დასახელებულია ქართლის პირველ ქრისტიან მეფედ. როგორც მკვლევრები მიუთითებენ, არც ერთი ეს ცნობა არ შეეფერება სინამდვილეს. ზოგიერთი მკვლევარი ბ. III-ს აიგივებს ბერძნ.-რომაულ სამყაროში ცნობილ ბაკურ იბერიელთან. ბ. III-ის დროს ქართლი ირანზე იყო პოლიტიკურად დამოკიდებული და თვით ბ. III ამის გამო ირან. ჯარების ერთ-ერთ სარდლად ითვლებოდა. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მას მიაწერს ბოლნისის სიონის აშენებას და არმაზის ციხის განახლებას.
წყარო: მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1963.
ა. ბოგვერაძე