ბაკურაძე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე [28. XI (11. XII). 1905, სოფ. რეხა, ახლანდ. წალკის მუნიციპ-ი, - 4. V. 1987, თბილისი], ფიზიოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1955). მედ. მეცნ. დოქტორი (1946), პროფესორი (1948), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961), ი. ბერიტაშვილის ნეიროფიზიოლ. სკოლის წარმომადგენელი.
1930 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი, 1934 მუშაობდა ლენინგრადში, აკად. ი. პავლოვისა და ე. ლონდონის ლაბორატორიაში. 1945-იდან გარდაცვალებამდე განაგებდა თბილ. სამედ. ინ-ტის ფიზიოლ. კათედრას, 1966-იდან გარდაცვალებამდე საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიოლ. ინ-ტის პრიმატების ქცევის შემსწავლელი ლაბორ. გამგე იყო, 1969–75 – ამავე ინ-ტის დირექტორი, 1952–56 – საქართვ. ფიზიოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე, 1956-იდან – თავ-რის მოადგილე. დაამუშავა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციების შესწავლის მეთოდები, შეისწავლა ამ სისტემის ნერვული სარეგულაციო მექანიზმები. შეადგინა (ი. ბერიტაშვილთან ერთად) სახელმძღვანელო „ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის პრაქტიკუმი“ (1966).
1966 მიენიჭა ი. თარხნიშვილის პრემია ნაშრომისათვის „კვების ცენტრის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილებები შიმშილისა და მაძღრობის დროს“ (1965, რუს. ენაზე). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: კუჭის მექანორეცეპტორების ფიზიოლოგიური მნიშვნელობის შესახებ, თბ., 1962 (თანაავტ.: ა. აბესაძე, ა. სიხარულიძე); Отсроченное поведение и рассудочная деятельность низших обезьян, ч. 1, Тб., 1981; Респираторные раздражения дыхательных путей и методические рекомендации к их использованию, Тб., 1987 (თანაავტ. Г. Г. Элиава).
ა. ქორელი