ბაკურაძე კარლო ნიკოლოზის ძე ( 14. I. 1927, თბილისი – 28. VI. 2002, იქვე), მხატვარ-რესტავრატორი. საქართვ. დამს. მხატვარი (1974).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1952) ქანდაკების სპეციალობით. 1954-იდან მუშაობდა მხატვარ-რესტავრატორად, ამავე წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. მოღვაწეობდა როგორც ფერმწერი (უმთავრესად მოზაიკის დარგში) და მოქანდაკე. ბ-მ გაამაგრა და აღადგინა გელათის (1957), მარტვილის (1958 – 59), მანგლისის (1960), ვარძიის (1960–61), ატენის სიონის (1960–61, შ. აბრამიშვილთან ერთად), სამთავროს (1961), სამთავისის (1961), ბიჭვინთის (1963), ყინწვისის (1963–65), ალავერდის (1965–69), ტიმოთესუბნის (1969–70), ალვანის ნათლისმცემლის (1975), ძვ. შუამთის (1975), ზემო კრიხის (1977), ბეთანიის (1979–80), ნიკორწმინდის (1991, მიწისძვრის შემდეგ), რუისპირის წმ. შიოს (1992 – 93) და სხვა ეკლესიების კედლის მხატვრობა.
ბ-მ 4 წელი (1986–90) იმუშავა გელათის მოზაიკის – ამ უნიკალური ძეგლის – აღდგენა–გამაგრებაზე. ბ-მ შექმნა შოთა რუსთაველის (მწერალთა კავშირი, 1959), დავით აღმაშენებლის (თბილ. სასულიერო აკადემია, 1986), გ. ჩუბინაშვილის (საქართვ. მეცნ. აკადემიის ქართული ხელოვნ. ისტ. ინ-ტი, 1987) პორტრეტები (მოზაიკა), გ. ჩუბინაშვილის ბიუსტი (თსუ-ის ეზო) და სხვ. შესრულებული აქვს ფრესკის პირები.
საერთაშ. საატესტაციო კომისიამ 1979 ბ-ს მიანიჭა უმაღლესი კატეგორიის მხატვარ-რესტავრატორის საპატიო წოდება. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას.
ა. ჩხარტიშვილი