დიუგე (Duguet) რემონ (დ. და გ. წწ. უცნობია), ფრანგი სამხედრო მოღვაწე (პოლკოვნიკი), დიპლომატი.
მსახურობდა საფრანგეთის ჯარში. XX ს. 10-იანი წწ. ბოლოს აქტ. სამსახურს თავი დაანება და დასახლდა პარიზის გარეუბან შატუში. 20–30-იანი წწ. მიჯნაზე საცხოვრებლად ლუქსემბურგში გადავიდა. ამის შემდგომ მისი კვალი იკარგება. 20-იანი წწ. დამდეგს დ. დაუახლოვდა შატუში მეზობლად მცხოვრებ საქართვ. ეროვნ. ჯარის უკანასკნელ მთავარსარდალს, გენ. გ. კვინიტაძე-ს, რ-მაც გააცნო მას საქართვ. ისტორია, დააკავშირა ქართ. ემიგრანტულ წრეებთან.
ფრანგ პოლკოვნიკს ჩვენი ქვეყანა იმდენად შეუყვარდა, რომ 1926 გამოსცა წიგნი „მოსკოვი და წამებული საქართველო", რ-შიც დეტალურად მოგვითხრობს 1917–25 საქართველოში დატრიალებულ ამბებს და მოვლენებსაც თავისებურად აფასებს. წიგნი დაწერილია საქართველოსა და ქართვ. ხალხის უდიდესი სიყვარულით. წიგნის დაწერისას უსარგებლია მრავალი ზეპირი თუ წერილობითი წყაროთი, გასცნობია საქართველოში არსებულ ყველა პარტიის მოღვაწეთა შეხედულებებს.
დ. დაწვრილებით მოგვითხრობს საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ, მის დამოკიდებულებაზე მეზობელ სახელმწიფოებთან – სომხეთსა და აზერბაიჯანთან, ეხება აგრეთვე საბჭ. რუსეთთან 1920 წ. 7 მაისს დადებულ მეგობრობისა და მშვიდობის იმ ხელშეკრულებას, რ-იც საბჭ. რუსეთმა ვერაგულად დაარღვია 1921 თებ-ში; აღწერს ქართვ. ხალხის გმირულ ბრძოლას ოკუპანტების წინააღმდეგ 1921–25, 1924 აჯანყებას, გვიხატავს გამოჩენილი ქართვ. პატრიოტების (შ. ამირეჯიბი, კ. აფხაზი, ქ. ჩოლოყაშვილი, ვ. გოგუაძე, გ. კვინიტაძე, გ. მაზნიაშვილი, კათოლიკოსი ამბროსი, მიტროპოლიტი ნაზარი და სხვ.) პორტრეტებს.
დ-ს ნაშრომი საქართვ. ისტ. მნიშვნელოვანი წყაროა.
თხზ: Moscou et la Géorgie Martyre, P., 1926; მოსკოვი და წამებული საქართველო, მ. ბაქრაძის და ა. ბაქრაძის თარგმ. და გამოც., თბ., 1994.
გ. საითიძე