ბალაანი

ბალაანი, სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში, (შიდა ქართლის რეგიონი), ალევის ქედის დას. კალთაზე, მდ. ქსნის მარცხ. ნაპირას. ქარჩოხის თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ელოიანი, თინიკაანი, მიდელაანი, ნავიხევი, ოხირი, პავლიანი, ქარელთკარი, ქენქაანი, ჩიგოიანი, წიფთაური, ჭორჭოხი, ხოზუეთი). ზ. დ. 1300 მ, ახალგორიდან 27 კმ. სოფელი მდებარეობს ისტ. შიდა ქართლში. სახელწ. „ბ“ მოდის ბალაშვილების გვარიდან.

სოფლის თავში, ბალაანთხევის პირას, დგას მათი საგვარეულო კოშკი - ოთხსართულიანი პირამიდული ნაგებობა. აშენებულია კლდის ქვითა და დიდი ლოდებით, გადახურულია სიპი ქვის ორფერდა სახურავით და, შესაბამისად, ორი კედელი ფრონტონითაა დაგვირგვინებული. კოშკის ქვედა ნაწილი მასიურია. კარი II სართულზეა. სამიოდე მ-ის სიმაღლეზე. ადიოდნენ მისადგმელი კიბით. სართულებშუა გადახურვები ხისაა. კოშკი აღჭურვილია სათოფურებით. შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები. ამ ტიპის კოშკებს წმინდა სამხ. დანიშნულება ჰქონდათ, წარმოადგენდნენ სათვალთვალოებს.