ბასიანის ბრძოლა 1203, საქართველოს სამეფო ლაშქრის ბრძოლა სელჩუკიან თურქების წინააღმდეგ ბასიანში (ახლანდ. თურქ. ტერიტ.), ქ. არზრუმის ჩრდ.-აღმ-ით დაახლ. 60 კმ-ზე.
1195 შამქორის ბრძოლაში აღმ. სელჩუკიან თურქების კოალიციაზე გამარჯვების შემდეგ საქართველო წამყვანი პოლიტ. ძალა გახდა წინა აზიაში. იგი ესწრაფოდა საზღვრების გაფართოებას და სელჩუკთა საბოლოო უკუგდებას. რუმის სულთანმა რუქნადინმა მიზნად დაისახა შავიზღვისპირეთის ხელში ჩაგდება და აღმ-ში გაბატონება. მან ერზინკის, აბულისტანის, ბირიტის, არზრუმისა და შამის (სირია) მფლობელებთან ერთად დაახლ. 400-ათასიანი ჯარით საქართველოზე გამოილაშქრა. ბოლოსტიკეს (ჰასანყალა) მოსულმა რუქნადინმა თამარ მეფეს მოციქულის პირით დამორჩილება მოსთხოვა. დროის მოსაგებად ქართველებმა სულთნის მოციქულს პასუხი დაუყოვნეს, სასწრაფოდ ჯავახეთში ლაშქარი შეჰყარეს (დაახლ. 90 ათ. კაცი). დავით სოსლანის რჩევით, გადაწყვიტეს მტერს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს. სულთნის ლაშქარს ბასიანში ბუნებრივი სიმაგრეებით დაცული პოზიცია ეკავა, ამიტომ ქართველებმა ხერხი იხმარეს: ღამით ჩუმად მიადგნენ მტრის ბანაკს და ჯარები საბრძოლველად დააწყვეს. ერთ ფრთაზე „აფხაზნი და იმერნი“ იდგნენ, მეორეზე ‒„ამერნი და ჰერ-კახნი“, ცენტრში ‒ 30–40-ათასიანი რაზმი შალვა და ივანე ახალციხელებისა და „სხვათა თორელთა“. წინამებრძოლთა რაზმს სათავეში ედგა ზაქარია მხარგრძელი. ბრძოლის საერთო სარდალი იყო დავით სოსლანი. იერიშის წინ ქართველებმა მტრის მოციქული გაათავისუფლეს და სანამ ის რუქნადინთან დაბრუნდებოდა, ქართველთა მეწინავენი განთიადისას მტრის ბანაკში შეიჭრნენ. მოულოდნელმა თავდასხმამ სელჩუკთა ლაშქარში არეულობა გამოიწვია. რუქნადინმა შეძლო უკუქცეულთა შეჩერება, საბრძოლველად დაწყობა და შეტევაზე გადასვლა. ხელჩართულ ბრძოლაში ორივე მხარემ დიდი ზარალი ნახა. მთიანი, ოღროჩოღრო ბრძოლის ველი ცხენოსანთა მოქმედებას ზღუდავდა, ამიტომ ქართველები ჩამოქვეითდნენ და ისე იბრძოდნენ. მტერმა ბრძოლაში ახ. ძალები ჩააბა. ქართველთა მეწინავეებმა მათი შეკავება ვეღარ შეძლეს, რუქნადინს ბრძოლა მოგებული ეგონა, მაგრამ ქართველებმა ჩასაფრებული მთავარი ძალები დაძრეს. ჯერ დავით სოსლანმა შეუტია მარცხ. ფრთიდან, როცა რუქნადინმა თავისი ძალები მის წინააღმდეგ გადაისროლა, მარჯვ. ფრთიდან ამერთა და ჰერ-კახთა რაზმები გადავიდნენ შეტევაზე. თურქებმა ვერ გაუძლეს ორმხრივ იერიშს და „ზარგანჴდილნი“ (თავზარდაცემულნი) უკუიქცნენ. ქართველებმა მტერს დაღამებამდე სდიეს, ხელთ იგდეს დიდი ალაფი, სულთნის დროშა და უამრავი ტყვე. დაჭრილი რუქნადინი ბრძოლის ველიდან არზრუმს გაიქცა.
ბ. ბ-მ კიდევ უფრო განამტკიცა საქართვ. პოზიციები ახლო აღმოსავლეთში. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბ. ბ. 1202 წ. გაიმართა.
წყარო: ბასილი ეზოს მოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე; ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, გ. ალასანიას გამოც., თბ., 1978; Материалы по истории Азербайджана из «Тарих-аль-Камиль» (полного свода истории) Ибн-аль-Асира, Баку, 1940.
ლიტ.: აბდალაძე ა., ერთი სომხური ანდერძ-მინაწერი ბასიანის ბრძოლის შესახებ, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1972, № 1; ალასანია გ., ბასიანის ბრძოლის თარიღისათვის, იქვე, 1975; № 1; ბროსე მ., საქართველოს ისტორია, ნაწ. 1, ს. ღოღობერიძის თარგმ., ტფ. 1895; გამყრელიძე ა., ბასიანის ომის თარიღი და ტრაპიზონის იმპერიის დაარსების ზოგიერთი საკითხი, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; კაკაბაძე ს., შოთა რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი, თბ., 1966; ლოლაშვილი ი. (გამ.), ძველი ქართველი მეხოტბენი, [ტ. 2], თბ., 1964; ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, წგ. 1, ტფ., 1892; სილაგაძე ბ., XII–XIII სს. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი იბნ-ალ-ასირის ცნობათა შუქზე, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966; ცინცაძე ი., ბასიანის ბრძოლა, თბ., 1971; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2); Гордлевский В. Л., Государство сельджукидов Малой Азии, Избр. соч., т. 1, М., 1960; Кикнадзе Р. К., Очерки по источниковедению истории Грузии, Тб., 1980.
ბ. სილაგაძე