ბარნაბიშვილი გიორგი კირილეს ძე (12. I. 1917, ოდესა, – 23. III. 1982, თბილისი), ვიოლონჩელისტი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1952). ქართ. სავიოლონჩელო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1939 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (ჩელოს კლასი, ხელმძღვ. პროფ. კ. მინიარ-ბელორუჩევი). 1935-იდან იყო საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის სოლისტი. 1944–67 უკრავდა საქართვ. სახელმწ. სიმებიან კვარტეტში, 1967–72 – თავის მიერ ჩამოყალიბებული კვარტეტის მეორე შემადგენლობაში. სხვადასხვა დროს გამოდიოდა ანსამბლში გამოჩენილ მუსიკოსებთან ა. გოლდენვეიზერთან, გ. ნეიგაუზთან, ე. გილელსთან, ს. რიხტერთან ერთად. ბ-ის შესრულება გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით, გამომსახველი ბგერით, არტისტული ტემპერამენტით. რეპერტუარში ჰქონდა მსოფლიო კლასიკური მუს. ლიტ-რის ცნობილი ნიმუშები და ქართვ. კომპოზიტორთა ნაწარმოებები. 1941-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. კონსერვატორიაში (1968-იდან პროფესორი), იყო ჩელოსა და კონტრაბასის კათედრის გამგე (1965–77). მის მოწაფეთაგან აღსანიშნავი არიან ე. ისაკაძე, თ. გომელაური, გ. ტოროშელიძე, ო. საფარიშვილი, ე. სანაძე, რ. მაჩაბელი და სხვ. სსრკ სახელმწ. პრემიისა (1952, კვარტეტთან ერთად) და სიმებიანი კვარტეტების პრაღის საერთაშ. კონკურსის (1950, კვარტეტთან ერთად) ლაურეატი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
გ. ტორაძე