ბარნოვი გურამ დიმიტრის ძე (8. II. 1931, თბილისი, – 27. VI. 2017, იქვე), ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი, კრიტიკოსი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1991); თბილ. ს.-ს ორბელიანის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ქართ. ლიტ-რის კათედრის გამგე (1988–93), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის დირექტორი (1992-იდან). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1954). პირველი წიგნი „ვაჟა-ფშაველას პოეზიის ხალხური წყაროები“ 1961 გამოაქვეყნა.
ბ. ავტორია აქტუალური, მწვავე პოლემიკური ლიტერატურულ-კრიტიკული თუ პუბლიცისტური წერილებისა და ესეებისა. მის სამეცნიერო ნაშრომებს (ლიტერატურის, ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის სფეროდან) აერთიანებს ქართ. მხატვრული აზროვნების განვითარების ახლებური წარმოჩენა. ქართ. მწერლობის ძეგლთა კვლევისას იგი პრიორიტეტს მხატვრული სიტყვის არსში წვდომას ანიჭებდა.
ბ-ის ძირითადი ნაშრომებია: „წერილები“ (1989), „მხატვრული სიტყვა და თანამედროვე სალიტერატურო კრიტიკა“ (1991).
ლ. ავალიანი